რა არის საზღვრები და რატომ გვჭირდება ის?

გვიჭირს საკუთარ განცდებზე საუბარი? ან უარის თქმა იმის შიშით, რომ სხვას იმედს გავუცრუებთ? Მუდამ იმაზე გვეფიქრება რა სურთ ან ჭირდებათ სხვა ადამიანებს ნაცვლად იმისა თუ რა გვჭირდება ჩვენ?
 
პირადი სივრცის განცდა მნიშვნელოვანია კეთილდღეობის, ბედნიერების, საკუთარ თავზე ზრუნვისა და წარმატებისთვის, თუმცა ხშირად საზღვრების დაწესება გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული.
 

პირადი საზღვარი ის უხილავი ხაზია, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ ვართ, როგორც ინდივიდი და როგორი ტიპის ურთიერთობას ვირჩევთ გარე სამყაროსთან.

 
იმის გაცნობიერება თუ როგორია ჩვენი პირადი საზღვრები, გასაგებს ხდის სინამდვილეში რა გვინდა – როგორ გვსურს, რომ მოგვექცნენ სხვები; რა არის ჩვენთვის სასარგებლო და რა დოზით გვსურს ფიზიკური ან ემოციური სიახლოვე სხვებთან.
 

საზღვრებს სხვადასხვა ფორმა შეიძლება ქონდეს:

  • ფიზიკური საზღვრები იცავს ჩვენს სხეულს, სივრცეს, საკუთრებას;
  • სექსუალური საზღვრების დაწესებით ვიცავთ ჩვენს თანხმობის უფლებას, უფრო მკაფიოს ხდის თუ რას ველოდებით, მაგალითად, პარტნიორისგან;
  • ემოციური საზღვრები შესაძლებლობას გვაძლევს დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, გამოვხატოთ ის, რასაც ვგრძნობთ. ეს კი გვიცავს ემოციური ზიანისგან, როგორიცაა უარყოფა, ღალატი;
  • დროის საზღვრები გვეხმარება საკუთარი დროის მართვაში, არ ვერთვებით ისეთ საქმიანობაში, რომლის გაკეთებაც არ გვინდა.

 

 

 

პირადი საზღვრების არსებობა ხაზს უსვამს ჩვენს უნიკალურობას, ავტონომიურობას, იდენტობას და ცხადად აჩვენებს თუ ვინ ვართ და რაზე ვართ პასუხისმგებელი.

თითოეულ ჩვენგანს გვაქვს აზრები, გრძნობები, ღირებულებები, მიზნები და ინტერესები. 

ზოგჯერ სხვებისთვის დამაბნებველია ჩვენ შორის არსებული განსხვავებები და სურთ, რომ ვიფიქროთ, ვიგრძნოთ, ვიმოქმედოთ ისე, როგორც მათ სურთ.

შესაძლოა ჩვენც გვეშინოდეს განსხვავებულობის – ვივარაუდოთ, რომ ეს გამოიწვევს კრიტიკას ან უარყოფას – ამ დროს კი ვმალავთ ჩვენს ნამდვილ სახეს და ვაძლევთ საშუალებას სხვებს გვიკარნახონ, ვინ ვართ. 

საზღვრები ქმნის ჯანსაღ დისტანციას ჩვენსა და სხვა ადამიანებს შორის. განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას და გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენთვის სასურველია.

 

 

პირადი საზღვრების ქონა გვეხმარება დავინახოთ თუ ვინ ვართ და ასევე, ცხადს ხდის თუ რაზე ვართ პასუხისმგებელი:

  • ჩვენს გრძნობებზე;
  • ემოციებზე;
  • ქმედებებზე;
  • სიტყვებზე;
  • სხეულზე.

მაგრამ არ ვართ პასუხისმგებელი იმაზე რისი კონტროლიც არ შეგვიძლია. მაგალითად, რას ფიქრობენ სხვები ან როგორ იქცევიან ისინი.

როდესაც არსებობს ჯანსაღი საზღვრები, ყველა იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებაზე.

 

 

უსაფრთხოება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილებაა. უნდა ვიყოთ ფიზიკურად დაცული ზიანისგან და ვიგრძნოთ ემოციური უსაფრთხოება, რომ ჩამოვაყალიბოთ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. 

ფიზიკური უსაფრთხოება:

თუ უარს ამბობთ დაემგზავროთ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მძღოლს, საზღვრების მაგალითია, რომელიც ჩვენ დავაწესეთ ჩვენი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად.

ამ ტიპის საზღვრების განსაზღვრავს თუ როგორ შეიძლება მოგვექცნენ სხვები და რას გავაკეთებთ საკუთარი თავის დასაცავად.

 

ემოციური უსაფრთხოება:

ხშირად საფრთხე, რომელსაც ვაწყდებით ემოციურია, თუმცა ის ისეთივე რეალური და მტკივნეულია, როგორც ფიზიკური. 

 

ჩვენს ემოციურ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება, როდესაც:

  • ვართ ბულინგის სამიზნე;
  • ხშირად გვაკრიტკებენ;
  • გვატყუებენ;
  • გვარცხვენენ და გვიყვირიან;
  • გვადანაშაულებენ უსამართლოდ.

უცხო ადამიანის მხრიდან ერთი შემთხვევაც კი შეიძლება იყოს უსიამოვნო, მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეულია, როდესაც ასე იქცევა ჩვენთვის ახლობელი და საყვარელი ადამიანი. 

არაუშავს თუ წარსულში ვერ შეძელი საკუთარი ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასეთი გამოცდილება, ალბათ, ყველას გვაქვს. შეგიძლია დღეს დაიწყო ამაზე ფიქრი.

 

გახსოვდეს – პირადი საზღვრების პოვნა, გაცნობიერება და მათ დაცვაზე ზრუნვა – უფრო დაცულს გაგხდის. 

 

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *