როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და დავიცვათ სხვების უფლებები \ სტრესის მართვის გზამკვლევი უფლებადამცველებისთვის

ადამიანის უფლებების დაცვა მაღალი ღირებულებისა და საზრისის შემცველი საქმიანობაა, რომელიც ხშირად ავსებს ადამიანს მიზანდასახულობის, სიმამაცისა და მნიშვნელოვნების განცდით, რომ მისი საქმიანობა ხელს უწყობს სამართლიანობის აღდგენას. მიუხედავად ამისა, უფლებადამცველებს ხშირად უწევთ მტრულ გარემოში ან უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მუშაობა. ისინი დგანან სარისკო და ხიფათის შემცველი მოვლენების პირისპირ, მათი საქმიანობა სავსეა სტრესული, ხშირად პოტენციურად მატრავმირებელი მოვლენებით, რაც პირდაპირ ან ირიბად გავლენას ახდენს მათ კეთილდღეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

უფლებადამცველები მუშაობენ ძალადობაგამოვლილ ადამიანებთან, ცხელ წერტილებში, ეცნობიან საქმის მასალებს ან ესწრებიან მომხდარს, ხშირად თავად ხდებიან ძალადობის, თავდასხმების, შევიწროებისა და მუქარის სამიზნეები საქმიანობის გამო. ციფრულ და ფიზიკურ სივრცეებში თავდასხმები, ცილისწამების კამპანიები, განსაკუთრებით კრიზისის დროს, კიდევ უფრო ართულებს მათ მდგომარეობას. ეს კამპანიები, ერთი მხრივ, ქმნის პოლარიზებულ მოსაზრებებს საზოგადოებაში უფლებადამცველების საქმიანობის შესახებ, იწვევს სტიგმატიზებას, მეორე მხრივ კი უკავშირდება სოციალურ იზოლაციას.

რთული და მწვავე სოციო-პოლიტიკური მოვლენების პარალელურად, უფლებადამცველებს ხშირად ადებენ იარლიყს – “მტრები”, “უცხოური გავლენის აგენტები”, რაც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების დელეგიტიმაციასა და გაჩუმებაზე. ეს ქმნის არახელსაყრელ გარემოს ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისთვის.

ამასთანავე, უფლებადამცველები განიცდიან სამუშაოს სპეციფიკასთან დაკავშირებულ ისეთ სირთულეებს, როგორიცაა ფიზიკური და ემოციური გამოფიტვა, შეზღუდული რესურსები, ორგანიზაციის შიგნით მმართველობასთან დაკავშირებული გამოწვევები, ინტერპერსონალური კონფლიქტები, მაღალი სამუშაო დატვირთვა.

არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ ადამიანის უფლებათა დამცველები ხშირად განიცდიან პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობისთვის (PTSD) დამახასიათებელ სიმპტომებს, დეპრესიას, პროფესიულ გადაწვასა და შფოთვას. გავრცელებულია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა უსუსურობის განცდა, ემოციური გაშეშება, გადაღლილობა, სასოწარკვეთა ან იზოლაცია. ეს არა მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე აისახება, არამედ გავლენას ახდენს საქმიანობის ეფექტურობასა და მდგრადობაზე. თანაგრძნობისგან გადაღლა და საკუთარი თავისთვის დროის დათმობის გამო დანაშაულის განცდა კიდევ უფრო ამძაფრებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს.

წინამდებარე გზამკვლევი მიზნად ისახავს, ადამიანის უფლებათა დამცველებს მიაწოდოს ინფორმაცია თუ რა არის სტრესი, რა არის პროფესიასთან დაკავშირებული სტრესი, როგორ ამოვიცნოთ სტრესის წყაროები და მართვის რა სტრატეგიები არსებობს, რომლებსაც შეგვიძლია მივმართოთ როგორც დაუყოვნებლივ, ისე გრძელვადიანი სტრატეგიის შესამუშავებლად საკუთარ თავზე ზრუნვისთვის.

მხოლოდ ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის დაცვით, საკუთარ თავზე ზრუნვით, შესაძლებელია იმ მნიშვნელოვანი საქმიანობის გაგრძელება, რომელიც სამართლიანობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას ემსახურება.

Leave A Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *