“ჯანმრთელი ზრდასრული ჩემში” შინაგანი სცენის რეჟისორია, რომელიც გვეხმარება შევინარჩუნოთ ჯანსაღი ბალანსი საკუთარი და სხვა ადამიანების საჭიროებების გათვალისწინებასა და ზრუნვაში.
ძლიერი ჯანმრთელი ზრდასრულის მდგომარეობის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა ბავშვობასა და მოზარდობაში ბაზისური ემოციური და ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება, როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ უყვართ, მიღებული და აღიარებულია, შეუძლია თავისუფლად გამოხატოს საკუთარი თავი, მაგრამ ასევე აქვს გარკვეული საზღვრები.
როგორ ამოვიცნოთ “ჯანმრთელი ზრდასრული ჩემში”?
- შეგვიძლია გავუმკლავდეთ ყოველდღიურ, ყოფით პრობლემებს ემოციური აფეთქებების გარეშე, პატარა სირთულეები არ იწვევს წამლეკავ უარყოფით ემოციებს;
- შეგვიძლია ვიპოვოთ ჯანსაღი, კონსტრუქციული გზები კონფლიქტის მოსაგვარებლად მაშინაც კი, როდესაც ვიცით, რომ კომპრომისზე წასვლა და საკუთარი საჭიროებებისა და სურვილების მეორე ადგილზე დაყენება გვიწევს;
- შეგვიძლია ავიღოთ ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და ამავდროულად სიამოვნება მივიღოთ ჩვენი საქმიანობისგან.
ჯანმრთელ ზრდასრულსა და ბედნიერ ბავშვს საერთო აქვთ ის, რომ ორივე მდგომარეობაში თავს მშვიდად და თავდაჯერებულად ვგრძნობთ.
ბედნიერი ბავშვის მდგომარეობა თუ უფრო მეტად უკავშირდება სიმსუბუქეს, სილაღესა და ცნობისმოყვარეობას, ამის საპირისპიროდ, ჯანმრთელი ზრდასრული განიცდის სიამოვნებას, მაგრამ ამავდროულად გრძნობს პასუხისმგებლობასაც.
როგორ გავაძლიეროთ “ჯანმრთელი ზრდასრული ჩემში”?
საკუთარ თავს დავუსვათ შემდეგ კითხვები და დავფიქრდეთ:
- რა საქმიანობა მეხმარება ჯანმრთელი ზრდასრულის გააქტიურებაში?
- ვინ არიან ის ადამიანები ჩემს ცხოვრებაში, რომლებიც მეხმარებიან ჩემს ჯანმრთელ ზრდასრულ მდგომარეობასთან დაკავშირებაში?
- როგორ ვგრძნობ თავს მაშინ, როდესაც ჯანმრთელი ზრდასრული მდგომარეობა არის გააქტიურებული?