პროფესიული გადაწვის ნიშნების ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დროულად დავიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა.
გიზიარებთ ხუთ გზას, რომელიც დაგვეხმარება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვერ ვახერხებთ მივმართოთ პროფესიონალს ან ვდისტანცირდეთ სამუშაო პროცესისგან.
1. პროფესიული გადაწვის მდგომარეობის გაცნობიერება და მიღება პირველი ნაბიჯია ამ პროცესში.
გვახსოვდეს, რომ მიღება არ ნიშნავს შეგუებას, არამედ ხელს გვიწყობს ინდივიდუალური, ჩვენთვის ეფექტური გზების აღმოჩენაში.
2. დავისახოთ მოკლევადიანი მიზნები.
როდესაც გადაღლილები და გამოფიტულები ვართ, არ არის სასურველი, რომ საკუთარ თავს განსაკუთრებით რთული ამოცანების გადაწყვეტა მოვთხოვოთ.
იმისთვის, რომ იმედგაცრუება თავიდან ავირიდოთ და ძალისხმევამ შედეგი გამოიღოს, დავიწყოთ პატარ-პატარა მიზნების შესრულება.
მაგალითად, გავესაუბროთ მხარდამჭერ ადამიანებს სამუშაო სივრცეში, გავეცნოთ სანდო ინფორმაციას პროფესიული გადაწვის შესახებ, დრო დავუთმოთ ისეთ საქმიანობას, რომელიც მოდუნებაში გვეხმარება.
3. გავიხსენოთ, როგორ ვუპასუხეთ რთულ სიტუაციებს წარსულში.
ხშირად პროფესიული გადაწვის მდგომარეობა სულ არ ჰგავს იმას, რაც ადრე გამოგვიცდია, მაგრამ ჩვენი გამოცდილება შეიძლება დაგვეხმაროს ვუპასუხოთ გამოწვევებს აწმყოში.
4. მოვუსმინოთ ჩვენს სხეულს.
როდესაც გამოფიტულები და გადაღლილები ვართ, შესაძლოა მცირე დისკომფორტმაც კი, რომელიც ადრე ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილი გვეგონა, სტრესული რეაქცია გამოიწვიოს.
დავფიქრდეთ:
-
რა ფიზიკურ სიგნალებს უნდა მივაქციო ყურადღება რომ ავიღო პაუზა და უბრალოდ დავისვენო?
-
რომელი კუნთები მეძაბება/მეჭიმება როცა განვიცდი ემოციურ წუხილს?
-
რა მეხმრება დაძაბულობის მოხსნაში?
-
რა ყოვედღიური აქტივობა იქნებოდა ჩემი სხეულისთვის კარგი?/როდის, რამდენი, რა სახის?
-
Როცა ვმუშაობ და გადაღლილობას ვგრძნობ, სხეულის რა პოზიციაა ჩემთვის მოსახერხებელი? და რა მიქმნის დისკომფორტს?
სასურველია, თუ ყურადღებას გავამახვილებთ სტრესორებზეც:
-
რა მძაბავს, მღლის ან მაღიზიანებს სამსახურში ყველაზერ მეტად?
-
Რა არის, რაც ამცირებს სტრესორის ჩემზე ზემოქმედებას?
ეცადეთ იპოვოთ პასუხები ამ კითხვაზე და აუცილებლად იმოქმედოთ.
5. დავფიქრდეთ ჩვენს გამოცდილებასა და ღირებულებებზე.
-
რა შეიცვალა ბოლო პერიოდში, რამ გამოიწვია აცდენა ჩვენს მოლოდინებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს შორის?
-
სამომავლოდ გვსურს დავრჩეთ ამ გარემოში და იგივე საქმით დავკავდეთ?
თუ კი, რა შეგვიძლია გავაკეთოთ სამუშაო გარემოსა თუ პროცესის გასაუმჯობესებლად?
თუ არა, რისი შეცვლა გვსურს, სად ვიგრძნობდით თავს უკეთესად? რა გზები არსებობს ამ ცვლილების მისაღწევად?
გვახსოვდეს, რომ პროფესიული გადაწვა არ ნიშნავს სისუსტეს ან კომპეტენციის ნაკლებობას.
საკუთარ თავზე ზრუნვის პრიორიტეტად ქცევა დაგვეხმარება ეფექტურად ვუპასუხოთ არსებულ გამოწვევებს.