ფსიქოსაგანმანათლებლო მასალები კატასტროფით დაზარალებულთათვის

როგორ მოქმედებს კატასტროფები ადამიანზე?

მსოფლიოში ბევრი სხვადასხვა კრიზისული შემთხვევა ხდება. მოვლენებს, როგორებიცაა ომი, ბუნებრივი კატასტროფა, უბედური შემთხვევა, ხანძარი, ა.შ. შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს როგორც ცალკეულ ინდივიდზე, ისე მთლიან ოჯახსა და თემზე. ადამიანები კარგავენ სახლებსა და საყვარელ ადამიანებს, შორდებიან ოჯახებს, შემსწრე ხდებიან ძალადობის, განადგურებისა ან სიკვდილის.

ნებისმიერი შეიძლება გახდეს ზემოთ აღწერილი მოვლენების შემსწრე, თუმცა შედეგად მიღებული რეაქციები და გრძნობები სხვადასხვაგვარია. ზოგი მომხდარს ძალიან ემოციურად განიცდის, ზოგი შეიძლება დაიბნეს და ვერ მიხვდეს, რა ხდება, სხვები შეიძლება ძალიან შეშინდნენ, შეშფოთდნენ, გაშეშდნენ. უკიდურეს შემთხვევაში ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულთან კავშირს, „გადის სხეულიდან“, განცდა აქვს, რომ ეს ყველაფერი მას არ ემართება, ამას ფსიქოლოგების ენაზე დისოციაცია ქვია.

ზოგს შესაძლოა ჰქონდეს მსუბუქი, ზოგს კი მწვავე რეაქცია.

ინდივიდის საპასუხო რეაქცია სტრესულ მოვლენაზე ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის:

  • გადატანილი სტრესული მოვლენების სამწუხარო გამოცდილებაზე;
  • სხვა ადამიანების მხარდაჭერაზე;
  • ფიზიკურ ჯანმრთელობაზე;
  • კულტურულ კონტექსტსა და ტრადიციებზე;
  • ასაკზე (მაგ., ბავშვებს სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირი რეაქცია აქვთ სტრესულ მოვლენებზე).

ცხოვრების სირთულეებს ადამიანი საკუთარი უნარებითა და ძლიერი მხარეებით უპირისპირდება. თუმცა, ზოგი ადამიანი განსაკუთრებით დაუცველია კრიზისულ სიტუაციებში და დამატებით დახმარებას საჭიროებს. ასეთები არიან გარკვეული ასაკის ადამიანები (მაგ., ბავშვები ან მოხუცები), ფიზიკური ან ფსიქიკური პრობლემებით გამოწვეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარგინალიზებულები ან ძალადობის სამიზნე ჯგუფები.[1]

[1] წყარო – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრონციპები დაზარალებულთა ფსიქოლოგიური დახმარებისათვის. მასალის თარგმანი უზრინველყოფილია საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების მიერ.

 

დაზარალებულების მდგომარეობა მწვავე ფაზაში

მასობრივი კატასტროფების შედეგად ბუნებრივია, რომ ადამიანებს განუვითარდეთ მძიმე რეაქციები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორი გამოყოფს ტრავმული მოვლენის შედეგად განვითარებულ მწვავე სტრესულ რეაქციას.  ყურადსაღებია, რომ მწვავე სტრესული რეაქცია შესაძლოა დაიწყოს ინციდენტის დაწყებისთანავე და ამოიწუროს ინციდენტიდან რამდენიმე საათში ან დღეში.

მწვავე სტრესული რეაქციების კლინიკური მახასიათებლები:

დასაწყისში გამოხატულია:

  • განრიდების, გაშეშების რეაქციები – ცნობიერების ველის შევიწროებით;
  • ყურადღების დაქვეითება, გარე სტიმულზე არაადეკვატური რეაქციები;
  • შესაძლოა გამოიხატოს აგზნება და ჰიპერაქტიურობა;
  • გამოვლინდეს პანიკური განგაშის რეაქციები (ტაქიკარდია, ოფლიანობა, გაწითლება).

ეს კლინიკური მოვლენები ვლინდება მოვლენიდან უახლოეს წუთებში და ქრება რამდენიმე დღეში. ასევე, მწვავე ფაზისათვის დამახასიათებელია ტრავმული ეპიზოდის ნაწილობრივი ან სრული ამნეზია.

ადამიანების უმეტესობას აქვს ბუნებრივი აღდგენის უნარი და მწვავე სტრესული რეაქციები ულაგდებათ ინციდენტიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ. თუ სიმპტომები გაგრძელდა ერთ თვეზე დიდხანს, საჭიროა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის კონსულტაცია. 

მწვავე სტრესული რეაქციები ზრდასრულებში:

  • გაოგნება;
  • დაბნეულობა;
  • სევდა;
  • შფოთვა;
  • ბრაზი;
  • სასოწარკვეთა;
  • გადაჭარბებული აქტივობა;
  • უმოქმედობა;
  • სოციალური გარიყვა;
  • ამნეზია;
  • დეპერსონალიზაცია;
  • დერეალიზაცია ან სტუპორი;
  • შფოთვის ავტონომიური ნიშნები (მაგ., ტაქიკარდია, ოფლიანობა, სიწითლე) ხშირია და შეიძლება იყოს მახასიათებელი ნიშანი.

მწვავე სტრესული სიმპტომების გამოვლინება ბავშვებში:

  • ძილის დარღვევები;
  • კოშმარული სიზმრები;
  • ძლიერი აჟიტაცია;
  • შეინიშნება ცვლილებები კვებაში;
  • მუცლის ან თავის ტკივილი;
  • ადრეულ ჩვევებთან მიბრუნება (მაგ. უნებლიე შარდვა 5 წელს ზემოთ ბავშვებში);
  • ტრავმული მოვლენის ჩართვა თამაშში;
  • სკოლაში, ბაღში სიარულზე უარის თქმა;
  • მშობლებთან განშორების ძლიერი შიში;
  • ცვლილებები ტუალეტის ჩვევებში და სხვა.

 

 

 

გავრცელებული ნეგატიური რეაქციები, რომლებიც გრძელდება გარკვეული დროის განმავლობაში:

შემოჭრის რეაქციები

  • მოვლენის შესახებ უკიდურესი სტრესის მომგვრელი უნებლიე აზრები ან ხატები ღვიძილის ან ძილის დროს;
  • შემაშფოთებელი ემოციური და ფიზიკური რეაქციები ნებისმიერ რამეზე, რაც გვახსენებს გამოვლილ ამბავს.

განრიდების და იზოლაციის რეაქციები

  • ტრავმულ მოვლენაზე საუბრის, ფიქრის ან მასთან დაკავშირებული გრძნობების  თავიდან არიდება;
  • მოვლენის შემახსენებელი გარემოს ან მასთან დაკავშირებულ ადამიანებთან შეხვედრისთვის თავის არიდება;
  • ემოციების შეზღუდვა, შინაგანი გაშეშება;
  • სხვებისგან გაუცხოებისა და განცალკევების განცდა, სოციალური იზოლაცია;
  • ინტერესის დაკარგვა მანამდე სიამოვნების მომმგვრელი აქტივობების მიმართ.

ფიზიკური აგზნების რეაქციები

  • მუდმივი დაძაბულობა;
  • საფრთხის მოლოდინი;
  • შეკრთომის რეაქცია;
  • გაღიზიანებულობა;
  • ბრაზის ამოფრქვევა;
  • „წკიპზე“ ყოფნა.

რეაქციები ტრავმისა და დანაკარგის „შემახსენებლებზე“

  • რეაქციები ადგილებზე, ადამიანებზე, ხმაზე, სუნზე და გრძნობებზე ან შეგრძნებებზე, რომელიც გახსენებთ კატასტროფას;
  • შემახსენებლებმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე სტრესის მომგვრელი ხატების, მოვლენასთან დაკავშირებული აზრების გააქტიურება და სტრესისთვის დამახასიათებელი ემოციური/ფიზიკური რეაქციები;

გავრცელებული მაგალითებია: უეცარი ხმაური, ადგილები სადაც კატასტროფა მოხდა, იმ ადამიანების ნახვა,  რომლებიც დაზარალდნენ, მოვლენასთან დაკავშირებული თარიღები (მაგ. წლისთავი), ახალი ამბები კატასტროფის შესახებ და სხვა.

 

 

1. ბავშვის რეაქცია

უსუსურობა და პასიურობა: კრიზისის დროს ბავშვი თავს ჩვეულებრივზე უფრო დაუცველად გრძნობს, რამაც შეიძლება ორი უკიდურესი რეაქცია გამოიწვიოს – ძლიერი აგზნება ან უჩვეულო „სიმშვიდე“

მშობლის მხრიდან სწორი რეაგირებაა:

  • დაამშვიდეთ ბავშვი – ნუ გახდით კრიტიკის ან შფოთვის საგნად მათ ამ დგომარეობას. მიეცით საშუალება ითამაშოს, დახატოს. კარგია თუ ამაში დაეხმარებით;
  • შეეცადეთ ბავშვი რესურსულ მდგომარეობაში გადაიყვანოთ, გაიხსენეთ რას აკეთებს (აკეთებდა) სიამოვნებით, ხალისით, ინტერესით და „გადართეთ“ ამ აქტივობებზე.

რას ვაკეთებთ და რას ვეუბნებით?

  • ხშირად ჩაეხუტეთ ბავშვს, ჩაჭიდეთ ხელი, აგრძნობინეთ, რომ მუდამ მზად ხართ მის დასახმარებლად;
  • იპოვეთ ყველაზე დაცული და უსაფრთხო გარემო, სადაც ბავშვი მშვიდად ითამაშებს და იყავით მის მიმართ ყურადღებიანი, დაუჭირეთ მხარი თამაშისას;
  • გაახმოვანეთ ბავშვთან მესიჯი – „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მშვიდად და უსაფრთხოდ იყო! ჩვენ სულ აქ ვართ, შენ გვერდით!”

2. ბავშვის რეაქცია

ზოგადი შიშები: პატარებს შესაძლოა გაუმძაფრდეთ შიშის რეაქცია, უარს ამბობდნენ მარტო დარჩენაზე, ზედმეტად „ჩაგეჭიდონ“. ბავშვებს სჭირდებათ განცდა, რომ უფროსებს, განსაკუთრებით მშობლებს, შეუძლიათ მათი დაცვა.

მშობლის მხრიდან სწორი რეაგირებაა:

  • შეეცადეთ მაქსიმალურად მშვიდად გეჭიროთ თავი ბავშვის თანდასწრებით;
  • ეცადეთ არ გაახმოვანოთ ბავშვის თანდასწრებით თქვენი შიშები;
  • დაეხმარეთ ბავშვს დაიბრუნოს განცდა, რომ თქვენ მისთვის საიმედო მხარდამჭერი ხართ, არ მიატოვებთ;
  • გაახმოვანეთ ბავშვთან იმის შესახებ თუ იღებთ დახმარებას სახელმწიფო ან სხვა სტრუქტურებისგან, მნიშვნელოვანია მან იცოდეს, რომ ოჯახს ჰყავს მხარდამჭერი ქსელი და მარტო არაა ამ კრიზისულ სიტუაციაში;
  • თუ სახლიდან გასვლა გიწევთ აუცილებლად უთხარით ბავშვებს, როდის დაბრუნდებით. იმ ასაკში, როცა ჯერ კიდევ არ იციან  საათის ცნობა, და დროით ასპექტებს კარგად ვერ იგებენ, ორიენტირად გამოიყენეთ დღის რუტინაში ჩართული აქტივობები – „სადილამდე დავბრუნდები“ ; „ზღაპრის მოყოლის დროს შინ ვიქნები“ და ა. შ;
  • იპოვეთ გზა, მეთოდი, რითაც ბავშვი შეძლებს თქვენთვის თავისი შიშის გაზიარებას – დაახატინეთ, ერთად შეთხზეთ ზღაპარი, ათამაშეთ და სხვა.

რას ვაკეთებთ და რას ვეუბნებით?

  • ეცადეთ არ დაანახვოთ ბავშვს როცა გეშინიათ, თავი მოარიდეთ მათი თანდასწრებით ტელეფონზე საუბარსაც კი, თუ პრობლემებს განიხილავთ;
  • უთხარით: „როგორც კი შიშს იგრძნობ, მოდი და ხელი ჩამჭიდე. მე ამით მივხვდები, რომ შენ ჩემი დახმარება გჭირდება“.

3. ბავშვის რეაქცია

არ სჯერა, რომ საფრთხემ გადაიარა: (კრიზისის შემდეგ, მაგალითად მეწყერის, წყალდიდობის) ბავშვები შესაძლოა გამუდმებით ფიქრობდნენ საშიშროებაზე, ან მოისმინონ საშიში ინფორმაცია ტელევიზიით, ყური მოჰკრან უფროსების საუბარს.

მშობლის მხრიდან სწორი რეაგირებაა:

  • მიეცით მკაფიო და გასაგები ახსნა იმის შესახებ თუ რა მოხდა და რა ხდება ამჟამად;
  • გაარკვიეთ რა ინფორმაცია აქვთ თავად ბავშვებს, მოუსმინეთ მათ;
  • თუ საფრთხე ჩავლილია, აუხსენით ბავშვს ამის შესახებ;

რას ვაკეთებთ და რას ვეუბნებით?

  • დაუხატეთ სქემა ან აჩვენეთ რუკაზე რამდენად შორს ხართ ახლა სტიქიის ზონიდან;

4. ბავშვის რეაქცია

შიში, რომ უბედურება ისევ მოხდება – განმეორდება: ეს მდგომარეობა თავს იჩენს, როცა ბავშვს რაიმე ახსენებს მომხდარს – წვიმა, ცუდი ამინდი ან სხვა

მშობლის მხრიდან სწორი რეაგირებაა:

  • აუხსენით ბავშვს, რომ ეს მათი წარმოდგენაა და არა რეალობა;
  • აუხსენით, რომ ახლა იმიტომ ეშინია, რომ რაღაცამ ცუდი მოვლენები გაახსენა.

რას ვაკეთებთ და რას ვეუბნებით?

  • შეეცადეთ ბავშვი აარიდოთ ინფრომაციას, სადაც საუბარია კატასტროფაზე, იქნება ეს ტელევიზორში თუ ინტერნეტში, მაქსიმალურად დაიცავით საინფორმაციო ნაკადისგან და ეცადეთ მათი თანდასწრებით არ ისაუბროთ ამაზე.

5. ბავშვის რეაქცია

ძილის პრობლემები: უარს ამბობს დაძინებაზე, არ იძინებს მარტო, ზედმეტად აღელვებულია ძილის წინა პერიოდში;

მშობლის მხრიდან სწორი რეაგირებაა:

  • ეცადეთ ძილის წინ შექმნათ მშვიდი გარემო, ზედმეტი ხმაურისგან თავი შეიკავეთ;
  • დაუწიეთ განათებას დაძინებამდე ერთი საათით ადრე;
  • ზოგჯერ ბავშვს ეხმარება იმის ახსნაც, რომ სიზმარი რეალობა არ არის.

რას ვაკეთებთ და რას ვეუბნებით?

  • ძილის წინ მოუყევით ბავშვს რაიმე სასიამოვნო და დამამშვიდებელი ამბავი. მიუწექით და ჩაეხუტეთ;
  • თუ გიწევთ მის გევრდით მთელი ღამით დარჩენა, რადგან ეშინია, უთხარით მკაფიოდ, რომ ეს ხდება დროებით და ის გარკვეული დროის შემდეგ დაუბრუნდება თავის საწოლს;
  • უთხარით ბავშვებს, რომ „ცუდი სიზმრები მოაქვს ჩვენს ცუდ ფიქრებს, ეს ხდება იმის გამო, რომ ჩვენ შემაშინებელ ამბებზე ვფიქრობთ. კიდევ ერთხელ გაუსვით ხაზი – სიზმარსა და რეალობას შორის განსხვავებას.

6. ბავშვის რეაქცია

ადრეული ასაკის ჩვევებთან მიბრუნება: ცერა თითის წოვა, ღამის ენურეზი, ენის მოჩლექით საუბარი, ხოხვა.

მშობლის მხრიდან სწორი რეაგირებაა:

  • არ გამოხატოთ რაიმე ემოცია, მოიქეცით თითქოს ეს არ ხდება, ეს ქცევები გაივლის გარკვეული დროის შემდეგ. ამაზე გადამეტებული ყურადღებით კი ბავშვს უფრო დავაზიანებთ.

რას ვაკეთებთ და რას ვეუბნებით?

  • თუ ბავშვს აქვს ღამის ენურეზი, კომენტარების, განსჯის გარეშე გამოუცვალეთ თეთრეული, არავის მისცეთ უფლება ამის გამო დასაჯოს ან აკრიტიკოს ბავშვი, ან უთხრას – „პატარა ხარ რომ ჩაიფსი?“ ეს კიდევ უფრო გაამწვავებს ბავშვის მდგომარეობას.

7. ბავშვის რეაქცია

დანაკარგის შემთხვევაში ბავშვი ვერ იაზრებს და არ ესმის რა არის სიკვდილი: განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის ბავშვები ვერ იაზრებენ, რომ სიკვდილი შეუქცევადი პროცესია. მათ სამყაროზე აქვთ ზღაპრული წარმოდგენა და შესაძლოა ჰქონდეთ გარდაცვლილის დაბრუნების მოლოდინი, რაც დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს. ამას გარდა, ისინი მოვლენებს ეგოცენტრულად აფასებენ და შესაძლოა თვლიდნენ, რომ ახლობლის გარდაცვალება მათი ბრალი იყოს. შინაური ცხოველის სიკვდილსაც ისევე მძაფრად განიცდიან, როგორც ოჯახის წევრის.

მშობლის მხრიდან სწორი რეაგირებაა:

  • გაარკვიეთ რა წარმოდგენა აქვს ბავშვს სიკვდილზე, მოისმინეთ მისი აზრი;
  • უთხარით გკითხოთ რა აინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით;
  • აუხსენით რა არის სიკვდილი – აღარ სუნთქავს, აღარ დადის, აღარასოდეს დაბრუნდება და სხვა;
  • არ დააკნინოთ ბავშვის განცდები შინაური ცხოველის სიკვდილთან დაკავშირებით, იყავით მაქსიმალურად ემპათიური მის მიმართ.

რას ვაკეთებთ და რას ვეუბნებით?

  • დართეთ ბავშვებს ნება მონაწილეობა მიიღონ რელიგიურ, სამგლოვიარო რიტუალებში, დაემშვიდობონ გარდაცვლილს, ეს მათ ეხმარებათ გამოგლოვებაში და გლოვის ნორმალურ დინამიკას უწყობს ხელს;
  • მიეცით ბავშვს საშუალება დაემშვიდობოს გარდაცვლილს თუნდაც ნახატით, სადაც თავს მოუყრის თავის ბედნიერ მოგონებებს გარდაცვლილთან დაკავშირებით, დაეხმარეთ შექმნას მოგონებების ალბომი, სადაც თავს მოუყრის ფოტოებს ან ნივთებს, რაც გარდაცვლილის სახსოვარია;
  • არ აუკრძალოთ ბავშვს გლოვა, თუ ტირის მიეცით საშუალება გამოიგლოვოს გარდაცვლილი, არ გააკრიტიკოთ თუ მიუხედავად მომხდარისა მხიარულად არის, მღერის ანუ არ იქცევა მგლოვიარე ადამიანივით;
  • თუ ბავშვი გამოხატავს წუხილს, რომ ვერ დაეხმარა, ვერ გადაარჩინა გარდაცვლილი, აუხსენით, რომ ეს არ იყო მასზე დამოკიდებული, რომ გაათავისუფლოთ ყველაზე უფრო მტკივნეული ბრალეულობის განცდისგან.

 

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *