რატომ გვჭირდება საზღვრების დაწესება სამუშაო სივრცეში?

პირადი საზღვრების დაწესება სამუშაო სივრცეში გვეხმარება დავინახოთ თუ Რა პასუხისმგებლობები გვაქვს და Როგორი ურთიერთობა გვსურს თანამშრომლებთან, კლიენტებთან თუ ხელმძღვანელთან.

 

საზღვრების დაწესება, ჩვენი სურვილებისა და ღირებულებების შესაბამისად მოქმედება, სტრესის მართვისა და ფსიქიკური კეთილდღეობის მიღწევის წინაპირობაა.

 

ჯანსაღი საზღვრების არსებობა თავიდან გვარიდებს გაუგებრობას, იმედგაცრუებასა და დაძაბულობას. 

 

ხანდახან შესაძლოა ვიფიქროთ, რომ თუ საზღვრების დაწესებასა და დაცვას შევეცდებით, რისკის ქვეშ დავაყენებთ ჩვენთვის მნიშვნელოვან ურთიერთობებს.

 

ცხადია, გარემოში, სადაც პირადი საზღვრების დაცვის მნიშვნელობა სათანადოდ გააზრებული არ არის, ეს რისკი არსებობს, თუმცა ის უარყოფითი შედეგები, რომლებიც ჯანსაღი საზღვრების რღვევას მოსდევს, ხშირად უფრო მტკივნეულია.

 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სამუშაო სივრცეში საზღვრების დაწესება გვიცავს ფიზიკური და ემოციური გამოფიტვისგან. 

 

რა დაგვეხმარება სამუშაო სივრცეში ჯანსაღი საზღვრების დაწესებაში?

 

  • გამოწვევებსა და ჩვენს სურვილებზე ღიად, თავისუფლად საუბარი
  • სამუშაო საათების განსაზღვრა და მკაფიოდ ჩამოყალიბება, დღის რომელ მონაკვეთში ვართ ხელმისაწვდომი საქმის შესახებ სასაუბროდ
  • პრიორიტეტების განსაზღვრა – მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშნველოვანი საქმეების დახარისხება
  • შვებულების დღეების გამოყენება
  • მცირე პაუზებისთვის დროის გამონახვა, მაგალითად, სუფთა ჰაერზე გასეირნება, სადილის ან ხემსის დროს პროცესზე კონცენტრირება და სიამოვნების მიღება

 

სამსახურეობრივ ურთიერთობებში კი საზღვრების დაწესებაში დაგვეხმარება:

  • იმის განსაზღვრა თუ რისი გაზიარება გვსურს თანამშრომლებისთვის, როდის და რა ფორმით
  • სხვა ადამიანების საზღვრების დანახვა, პატივისცემა და ამ საკითხზე ღიად საუბარი.

 

ჩვენი უფლებები სამუშაო სივრცეში

ზოგჯერ საზღვრების დაწესებაში ხელს გვიშლის ეჭვი, თუ რამდენად ვიმსახურებთ სამართლიან მოპყრობას. პირველი ნაბიჯი კი სწორედ ჩვენი უფლებების გააზრებაა:

  • ჩვენი უფლებაა, პატივისცემით მოგვექცნენ;
  • ჩვენი უფლებაა შეთანხმების შესაბამისი ანაზღაურება მივიღოთ;
  • ჩვენი უფლებაა, არასამუშაო დროს არ დავკავდეთ სამსახურის საქმეებით;
  • ჩვენი უფლებაა უსაფრთხო სამუშაო გარემო გვქონდეს;
  • ჩვენ გვაქვს უარის (“არას”) თქმის უფლება.

 

დავფიქრდეთ და ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

  • რამდენად არის დაცული ჩემი უფლებები?
  • როგორ ვგრძნობ თავს სამუშაო სივრცეში?
  • რა მაბრკოლებს, რომ სამსახურში თავი კარგად ვიგრძნო?
  • როგორ შემიძლია გავუმკლავდე ამ სირთულეს და ვის შეუძლია ჩემი დახმარება? 
  • რა ცვლილებებია საჭირო, რომ თავი უკეთ ვიგრძნო? 

 

ჯანსაღი საზღვრების დაწესებაზე ზრუნვა შეგვიძლია დღესვე დავიწყოთ!

გვახსოვდეს, როდესაც არსებობს ჯანსაღი საზღვრები, ყველა იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებაზე.

 

 

 

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *