რაზე ვლაპარაკობთ, როდესაც პროფესიულ გადაწვაზე ვსაუბრობთ?

დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ალბათ, ყველას ერთხელ მაინც გვითქვამს, რომ გადავიღალეთ და გამოვიფიტეთ.

თუმცა პროფესიული გადაწვა უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ დაღლილობის შეგრძნება.

ეს არის ემოციური, გონებრივი და ფიზიკური რეაქცია ქრონიკული სტრესის საპასუხოდ, როდესაც სამუშაო მოთხოვნები დღითი დღე იზრდება, თუმცა ჩვენ თითქოს “დროს ვეღარ ვეწევით”, არაეფექტურობის განცდა გვაქვს, ხშირად ვფიქრობთ, რომ ჩვენი შრომა დაუფასებელია, ვეღარ ვიცავთ პირად და პროფესიულ საზღვრებს. 

პროფესიული გადაწვის საფრთხის წინაშე ვართ თუ:

  • ვამჩნევთ, რომ გვიჭირს მუშაობა და ჩვენი დამოკიდებულება საქმის მიმართ შეიცვალა;

  • ხშირად გვეპარება ეჭვი ჩვენს შესაძლებლობებში;

  • განვიცდით ქრონიკულ სტრესს სამუშაო ადგილას;

  • რუტინული ან ჩვენთვის უინტერესო საქმის კეთება გვიწევს დიდი ხნის განმავლობაში;

  • ქაოტურ გარემოში ვართ და განვიცდით ზეწოლას;

  • გვაქვს პასუხისმგებლობები, რომელთან გამკლავებაც რთულია დროის ან/და მხარდაჭერის ნაკლებობის გამო;

  • მტრულ ან ზედმეტად კონკურენტულ გარემოში გვიწევს მუშაობა;

  • გვაკლია სოციალური მხარდაჭერა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები;

  • ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ვერ ვასწრებთ დასვენებას;

  • ხშირად გვაკლია ძილი.

თანამედროვე, კონკურენტულ და აჩქარებულ სამყაროში სულ უფრო და უფრო რთულდება ბალანსის დაცვა ჩვენს სურვილებს, ღირებულებებსა და სამუშაოსთან დაკავშირებულ ვალდებულებებს შორის.

ხანდახან ვერც კი ვამჩნევთ, რომ მუშაობის პროცესში მუდმივად ჩართულები და ემპათიურები ვართ, ჩვენს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე წინ ვაყენებთ სხვების სურვილებს.

იმისთვის, რომ დროულად ვიმოქმედოთ და ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გადაწვას სამი ძირითადი განზომილება აქვს:

  • მუდმივად დაღლილობის შეგრძნება ფიზიკურ და ემოციურ დონეზე;

  • საქმის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება – თითქოს სერიოზულად ვეღარ აღვიქვამთ სამუშაოს, რომელსაც აქამდე ენთუზიაზმით ვასრულებდით, გვიკვირს რატომ ავირჩიეთ ეს პროფესია/საქმე;

  • ჩვენს უნარებსა და შესაძლებლობებს მუდმივად ეჭვქვეშ ვაყენებთ – ხშირად ვუსვამთ საკუთარ თავს ან სხვებს კითხვებს, რამდენად შევძლებთ გავუმკლავდეთ ჩვენს პასუხისმგებლობებს და გვეშინია, რომ არ გვაქვს საქმის შესრულებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.

გვახსოვდეს, რომ ცხოვრების რომელიმე ეტაპზე თითოეულმა ჩვენგანმა შეიძლება გამოსცადოს პროფესიული გადაწვა და ეს არ ნიშნავს, სისუსტეს ან კომპეტენციის ნაკლებობას.

ადრეულ ეტაპზევე ამ ნიშნების ამოცნობა დაგვეხმარება:

  • დავიწყოთ საზღვრების დაწესება პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის;

  • მივცეთ საკუთარ თავს დრო და უფლება დასვენებისთვის;

  • ვესაუბროთ ამის შესახებ ჩვენთვის მნიშვნელოვან და სანდო ადამიანს. 

 

 

 

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *