მე-შეტყობინება: ასერტული კომუნიკაციის გასაღები

წარმოიდგინეთ, რომ დაგაგვიანდათ შეხვედრაზე. თქვენი მეგობარი, პარტნიორი ან თანამშრომელი კი გეუბნებათ:

  • „ყოველთვის აგვიანებ. ამის ატანა შეუძლებელია!“

  • „არასდროს მაფრთხილებ, როდესაც გაგვიანდება და ყოველთვის საათობით უნდა გელოდო!“

  • „ვნერვიულობ, როდესაც გაგვიანდება. გამიხარდება თუ წინასწარ შეძლებ გამაფრთხილო, რომ ოდნავ უფრო დიდხანს მოგვიწევს ლოდინი.“

რა რეაქცია შეიძლება გვქონოდა თითოეული ფრაზის მოსმენისას?

 

“Შენ” ნაცვლასახელით დაწყებული წინადადებები დიდი ალბათობით გამოიწვევს დაძაბულობასა და შფოთვას.

Ჩვენს ნერვულ სისტემას მიანიშნებს, რომ კრიტიკის, უარყოფის, ბრალდებისა ან “თავდასხმის” სამიზნეები ვხდებით, რაც ჩვენში იწვევს თავდაცვის რეაქციას. 

“Მე” ნაცვალსახელით დაწყებული წინადადებები კი უფრო მეტად უკავშირდება სიმშვიდესა და თანაგრძნობას, ნეირობიოლოგიურ დონეზე უსაფრთხოების სიგნალს გვიგზავნის. 

 

„მე-შეტყობინება“ ასერტული კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც არ შეიცავს ბრალდებას და აღწერს:

  • ქცევას;

  • განცდებს;

  • ქცევის შედეგებს.

 ის ამცირებს დაპირისპირებას და გვეხმარება საკუთარი ქცევის გააზრებაში, იმის გაგებაში თუ სხვა როგორ გრძნობს თავს, როგორი ზეგავლენა აქვს მათ ქცევას ჩვენს ცხოვრებაზე.  

რა განსხვავებაა „მე“ და „შენ“ შეტყობინებას შორის?

  1. „შენ“ შეტყობინებით საუბარი ზოგადია და ტოვებს სივრცეს გაუგებრობისთვის. „მე“ შეტყობინებით საუბრისას უფრო კონკრეტულად ვსაუბრობთ იმაზე, რაც პრობლემური შეიძლება იყოს და ამცირებს გაუგებრობას.

  2. „შენ“ შეტყობინებით საუბარი შეიცავს ბრალდების ტონს, როდესაც „მე“ შეტყობინებით საუბრისას მსმენელს მივუთითებთ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევაზე.

  3. „შენ“ შეტყობინება ფოკუსირებულია პრობლემაზე, „მე“ შეტყობინება კი გვთავაზობს პრობლემიდან გამოსავალს.

  4. „შენ“ შეტყობინება ხაზს უსვამს აზრებს, „მე“ შეტყობინება კი გრძნობებს.

  5. „შენ“ შეტყობინება წარმოადგენს მოსაზრებებს ფაქტებად, როდესაც „მე“ შეტყობინება ტოვებს სივრცეს მრავალი პერსპექტივის გასაზიარებლად.

„მე-შეტყობინების“ სტრუქტურა

კონფლიქტური ან დაძაბული სიტუაციის სამართავად, მნიშვნელოვანია შეგვეძლოს „მე-შეტყობინებით“ საუბარი, რომელიც გვეხმარება გამოვხატოთ, თუ როგორ გვაგრძნობინა თავი ამა თუ იმ მოვლენამ და ქმედებამ, რაც არ გამოიწვევს თანამოსაუბრის თავდაცვით რეაქციას, არამედ გაზრდის შეთანხმებისა და დადებითი ცვლილების ალბათობას.

 „მე-შეტყობინებით“ საუბრისას, მნიშვნელოვანია:

  1. ვისაუბროთ ჩვენს ემოციებზე, აღვწეროთ ჩვენი ემოციური მდგომარეობა;

  2. აღვწეროთ ობიექტური ქცევა და ფაქტები მოსაზრებების, შეფასებისა და ინტერპრეტაციის გარეშე;

  3. აღვწეროთ რა შედეგი (რეალური თუ შესაძლო) მოყვება ქცევას და რატომ არის ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი.

მაგალითად, „ვღელავ, როდესაც დათქმულ ვადებს სცილდება შესასრულებელი საქმე, ყველასთვის უმჯობესი იქნება თუ წინასწარ დავგეგმავთ ჩვენს საქმიანობას“.

რატომ არის მნიშვნელოვანი „მე-შეტყობინების“ გამოყენება სამუშაო სივრცეში?

„მე-შეტყობინების“ გამოყენება გვეხმარება, რომ ჩვენი ემოციები, აზრები და მოლოდინი, თვალსაჩინოდ გავაზიაროთ. ამ დროს ყურადღებას ვამახვილებთ ჩვენს განცდებსა და სურვილებზე, მივანიშნებთ მოსაუბრეს, რას ველოდებით მისგან.

როდესაც ჩვენს მთავარ მიზანს ცვლილების სურვილი წარმოადგენს და არა მეორე ადამიანის დადანაშაულება, მცირდება დაძაბულობისა და წინააღმდეგობის რისკი, ხოლო შეთანხმების ალბათობა იზრდება.

სამუშაო სივრცეში „მე-შეტყობინება“ გვეხმარება, რომ:

  • დავაწესოთ და შევინარჩუნოთ ჯანსაღი საზღვრები;

  • თავიდან ავირიდოთ და ეფექტურად ვმართოთ კონფლიქტური სიტუაციები;

  • გავცეთ უკუკავშირი მისაღები ფორმით;

  • მივაღწიოთ ცვლილებას ისე, რომ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ურთიერთობები.

როგორ გამოვიყენოთ „მე-შეტყობინება“ სამუშაო სივრცეში?

  • გვახსოვდეს, „მე-შეტყობინების“ მიზანია, გავაცნობიეროთ, რა ცვლილებას გვსურს, რომ მივაღწიოთ, ხომ არ ვგრძნობთ ბრაზს, ხომ არ გვჭირდება რამდენიმე წუთი დამშვიდებისთვის;

  • თავი ავარიდოთ კატეგორიულ მოთხოვნასა და გაზვიადებას, ასევე, სასურველია თუ თავს ავარიდებთ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა „ყოველთვის“ და „არასდროს“;

  • ვცადოთ სირთულეს შევხედოთ გუნდის პერსპექტივიდან და არა მხოლოდ საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე.

გვახსოვდეს, რომ „მე-შეტყობინებით“ საუბარი გვეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებასა და კონფლიქტური სიტუაციების მართვაში.

 

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *