საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული, მომთხოვნი დამოკიდებულება, შინაგანი ხმა, რომელიც გეუბნება, რო არ ხარ საკმარისად კარგი, ჭკვიანი, არასდროს შეგიყვარებენ ან არაფერი გამოგივა, სხვა შენზე უკეთესია – ხშირად უკავშირდება ბავშვობასა და მოზარდობაში უფროსი ადამიანებისგან, მზრუნველებისგან, მშობლებისა და თანატოლებისგან მიღებულ ნეგატიურ, კრიტიკულ შეფასებებს, ემოციური და ფიზიკური საჭიროებების უგულებელყოფას, ძალადობის გამოცდილებას, რომელსაც შინაგან სცენაზე შემოყავს “დისფუნქციური მშობელი”.
ტერმინი “დისფუნქციური მშობელი” სულაც არ ნიშნავს, რომ მშობელი ცუდი იყო ან ყოველთვის ცუდად ექცეოდა ბავშვს, არამედ მოიაზრებს ზოგადად უფროსი ადამიანების იმ ქცევებს, რომლებიც დამაზიანებელი იყო.
“დისფუნქციური მშობელი ჩემში” შეიძლება იყოს:
- მომთხოვნი;
- დანაშაულის განცდის გამომწვევი;
- დამსჯელი.
მომთხოვნი მშობელი ჩემში ორიენტირებულია წარმატებასა და მიღწევებზე. ამ დროს ადამიანი საკუთარ თავს უწესებს ძალიან მაღალ სტანდარტებს:
“საუკეთესო უნდა იყო!”
“არ გაქვს შეცდომის დაშვების უფლება!”
მოსვენება დაკარგული აქვს, სანამ ყველაფერში საუკეთესო არ გახდება.
ისეთი “წარუმატებლობაც” კი, როგორიც საგამოცდო ტესტში დაბალი ქულის მიღებაა, აღვიძებს მარცხის, წარუმატებლობისა და უღირსობის განცდას.
დანაშაულის განცდის გამომწვევი მშობელი ჩემში – ამ დროს ადამიანი საკუთარ თავს უწესებს მოთხოვნას, რომ ყოველთვის ორიენტირებული და პასუხისმგებელი იყოს სხვების სიამოვნებაზე, კეთილდღეობაზე, იყოს მეგობრული, სხვაზე მზრუნველი.
დანაშაულის განცდის გამომწვევი მშობელი ჩვენში აგზავნის შემდეგ მესიჯს: “შენ ხარ პასუხისმგებელი სხვების ბედნიერებაზე”, “შენ უნდა ასიამოვნო და იზრუნო ყველაზე”.
ამ მიდგომის გამო, ადამიანებს აქვთ განცდა, რომ მაქსიმალურად უნდა დაიხარჯონ სხვებისთვის და როდესაც “სათანადოდ” ვერ პასუხობენ ამ მოთხოვნებს, თავს დამნაშავედ გრძნობენ.
დამსჯელი მშობელი ჩემში ნაკლებად არის მოთხოვნებზე ორიენტირებული. ეს მტანჯველი შინაგანი ხმაა, რომელიც მუდამ გაკრიტიკებს, არაფერი მოსწონს, ყველა ქმედებას, ძალისხმევას აუფასურებს, არ არსებობს მიღწევა, რომელიც მოწონებას დაიმსახურებს.
ხშირად დამსჯელი მშობელი აგზავნის შემდეგ მესიჯს: “როდესაც გაგიცნობენ, ყველა ზურგს შეგაქცევს!”, “არაფრის ღირსი ხარ!”, “მხოლოდ პრობლემებს ქმნი!”, “არაფერი გამოვა შენგან!”