“გამკლავება” თუ დაცვითი მექანიზმი?

გამკლავების სტრატეგიები, ბავშვობასა და მოზარდობაში, ემოციურად მძიმე სიტუაციაში ჩამოყალიბებული ის არაცნობიერი გზებია, რომლებიც “გადარჩენაში” გვეხმარება. 

 

გამკლავების სტრატეგიებს ჩვენი როლური მოდელებისგან, მშობლებისგან, უფროსი ადამიანებისგან ვსწავლობთ მათზე დაკვირვებით. ის, თუ როგორ რეაგირებენ ისინი პრობლემურ სიტუაციებში და როგორ უმკლავდებიან მასთან დაკავშირებულ ემოციებს, სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენზე.

 

არსებობს სხვა გზაც – რთულ სიტუაციებთან ბრძოლის “მოგებას”, ზოგჯერ საკუთარი გამოცდილებითაც ვსწავლობთ.

თითოეულ ჩვენგანს გამკლავების განსხვავებული გზა გვაქვს. 

 

არსებობს “გამკლავების” სამი სტილი, რომელიც ხშირად ერთდროულად ან ცალ-ცალკე ვლინდება. 

 

დანებება

 

ამ დროს ადამიანი:

  • ემორჩილება დამსჯელ, კრიტიკულ და დანაშაულის განცდის გამომწვევი მშობლის რეჟიმს და იწყებს საკუთარი თავის უარყოფითად შეფასებას;
  • თავს გრძნობს ცუდად, სევდიანად, უბედურად, დამნაშავედ და ფიქრობს, რომ არ იმსახურებს უკეთესს;
  • ვერ ხედავს გზას, როგორ გაუმკლავდეს სიტუაციას უფრო დამხმარე, ჯანსაღი გზით;
  • როდესაც თხოვენ გამოხატოს საკუთარი საჭიროებები, შეიძლება თავი უმწეოდ იგრძნოს.

 

თავის არიდება

 

  • ადამიანი თავს არიდებს სიტუაციებს, რომლებიც მისთვის პრობლემურად აღიქმება;
  • ზრდის დისტანციას საკუთარ თავსა და რთულ ემოციურ გამოცდილებას შორის;
  • თავიდან არიდების ქცევითი კანონზომიერებები შეიძლება დაკავშირებული იყოს განსხვავებულ ქმედებებთან, მათ შორის:
    • არიდების ქცევასთან ვიწრო გაგებით (მაგ; სოციალური ურთიერთობებისგან იზოლაცია, სამსახურში სიარულის შეწყვეტა);
    • ემოციურად დამამშვიდებელი ნივთიერებების გამოყენება (მაგ; ალკოჰოლის და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება);
    • ან ყურადღების გამფანტავი სხვა ქცევები (მაგ; ემოციური ჭამა, ტელევიზორის ან ვიდეო თამაშების გადაჭარბებული მოხმარება).

 

ჰიპერკომპენსაცია

 

“გამკლავების” ამ სტილის დროს ადამიანი მოქმედებს დისფუნქციური მშობლის რეჟიმების გრძნობებისა და მოთხოვნების საპირისპიროდ.

 

ადამიანმა შეიძლება გამოიჩინოს ზედმეტი თავდაჯერებულობა ან ეცადოს გააკონტროლოს სხვა ადამიანები, რომ თავიდან აიცილოს დაუცველობისა და უმწეობის განცდა.

 

მაგალითად, როდესაც ვინმე გრძნობს, რომ არ არის საკმარისად კარგი, შეიძლება ჰიპერკომპენსაცია მოახდინოს და მოიქცეს ზედმეტად თავდაჯერებულად, ან მამაკაცი, რომელიც ქალებთან თავს დაუცველად და უსუსურად გრძნობს, იწყებს აგრესიულად მოქცევას და ცდილობს მათ გაკონტროლებას. 

 

ჩამოთვლილი “გამკლავების” მექანიზმები არ არის დამხმარე, პირიქით, ხშირად დისფუნქციური და დამაზიანებელიცაა.

 

ამ სტრატეგიების გამოყენებით ადამიანი ვერ ახერხებს ზრუნვას საკუთარ ემოციურ და ფიზიკურ საჭიროებებზე.

 

ჩვენი “გამკლავების” გზების ამოცნობა პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ ვიპოვოთ პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დაძლევის ჯანსაღი სტრატეგიები.

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *