გაბრაზებული და იმპულსური შინაგანი ბავშვი

ზრდასრულ ასაკში გაბრაზებული და იმპულსური შინაგანი ბავშვის გააქტიურება არის ბავშვობაში განცდილი არასათანადო მოპყრობის, ემოციური მოთხოვნილებების უგულებელყოფის, შეურაცხყოფის ერთგვარი ანარეკლი.

 

სიტუაციები, რომლებიც ზრდასრულ ადამიანს ბავშვობისდროინდელ გამოცდილებასთან “აბრუნებს”, ააქტიურებს ისეთ ემოციებს, როგორიცაა ბრაზი და რისხვა, რომლის უკანაც ხშირად დგას ბავშვობაში განცდილი უსამართლობის განცდა. 

 

ბრაზი – ემოციური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში განცდილი ძლიერი გაღიზიანება და იმედგაცრუება, მაგალითად, როდესაც ადამიანი შესრულებული სამუშაოს შედეგად არ იღებს შესაბამის აღიარებას, უკუკავშირსა და ყურადღებას, ის ფიქრობს, რომ მას არ აფასებენ სათანადოდ.

 

რისხვა – შეგრძნებები ამ დროს კიდევ უფრო ინტენსიური ხდება, ადამიანი შეიძლება გამოვიდეს წყობიდან, იყვიროს, დაამტვრიოს ნივთები ან ფიზიკური ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანს. რისხვა გაცილებით უფრო ინტენსიური და რთულად სამართავია ვიდრე ბრაზი.

 

გამომწვევი/მაპროვოცირებელი ქცევა – ამ დროს ადამიანი გაბრაზებულია, მაგრამ მას არ გამოხატავს პირდაპირ. ნაცვლად ამისა, იქცევა პასიურ-აგრესიულად. 

 

იმპულსურობა – საკუთარი საჭიროებების და მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რა დროსაც არ ითვალისწინებს მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს. იმპულსური ქცევები შესაძლოა მოიცავდეს ალკოჰოლისა და სხვადასხვა ნივთიერების ჭარბ მოხმარებას, მრავალ დაუცველ სექსუალურ კავშირს და ა.შ. ამ დროს ქცევის მთავარი მამოძრავებელი ძალა დაუოკებელი სურვილია, რომელიც მოგვიანებით სინანულს იწვევს. 

 

დისციპლინის ნაკლებობა – ადამიანს უჭირს ყოფითი პასუხისმგებლობის აღება. უგულებელყოფილია საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია გარკვეული ცხოვრებისეული მიზნების მისაღწევად. ფიქრობს, რომ სხვები გააკეთებენ მის გასაკეთებელ საქმეს, რის გამოც მნიშვნელოვანი საქმეები შეუსრულებელი რჩება. ეს ხშირად განპირობებულია იმით, რომ თავს არიდებს მოსალოდნელ წარუმატებლობასა და იმედგაცრუებას.

 

 

ბავშვობაში განცდილი არასათანადო მოპყრობა, ემოციური საჭიროებების უგულებელყოფა ზრდასრულ ასაკში ხშირად ვლინდება გაბრაზებული და იმპულსური შინაგანი ბავშვის სახით.

 

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განცდა გვაქვს, რომ ისევ უსამართლოდ გვექცევიან. 

 

მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ჩვენი ბრაზის ამოცნობა და ისე გამოხატვა, რომ არც საკუთარ თავს მივაყენოთ ზიანი და არც სხვას.

 

ბრაზის ეფექტურად სამართავად მნიშვნელოვანია მუდმივი ვარჯიში, რაშიც შემდეგი რეკომენდაციები დაგვეხმარება, რომლის მიზანიც კონტროლის დაბრუნებაა ჩვენს რეაქციებსა და ქცევებზე:

 

დავაკვირდეთ ადრეულ ნიშნებს – დავფიქრდეთ, როდის და რა სიტუაციაში ვლინდება გაბრაზებული და იმპულსური შინაგანი ბავშვი? რომელი საჭიროება იყო უგულებელყოფილი? რა სხეულებრივი შეგრძნებები დაგვეუფლა ამ დროს? რა აზრები გაგვიჩნდა?

 

გამოვიყენოთ მცირე შესვენება – ხანდახან მცირე შესვენება საუკეთესოა რისი გაკეთებაც შეგვიძლია, როდესაც ვგრძნობთ, რომ გაბრაზებული შინაგანი ბავშვი აქტიურდება. თუკი შეხვედრაზე ვართ და ვგრძნობთ როგორ იმატებს ბრაზის ინტენსივობა, შეგვიძლია ავდგეთ ფანჯრის გასაღებად, ღრმად ჩავისუნთქოთ ან ყურადღებით დავაკვირდეთ ჩვენ ირგვლივ გარემოს და დეტალურად აღვწეროთ ის. ეს დაგვეხმარება მნიშვნელოვანი დრო მოვიგოთ მანამ სანამ ბრაზს გამოვხატავთ.

 

გამოვიყენოთ დამამშვიდებელი სიმბოლო – ავარჩიოთ სიმბოლური საგანი, რომელიც ბრაზის მართვაში დაგვეხმარება. ეს შეიძლება იყოს რაიმე ობიექტი, სურათი, სიმღერა. “კრიტიკულ” სიტუაციაში მოხვედრისას სიმბოლური ობიექტის, სურათის ნახვით ან სიმღერის გონებაში ტრიალით შეგვიძლია დავუბრუნდეთ მშვიდ მდგომარეობას. 

 

ვივარჯიშოთ ალტერნატიულ ქცევაში წარმოსახვით – წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომელიც ააქტიურებს გაბრაზებულ შინაგან ბავშვს, შემდეგ კი დავფიქრდეთ, როგორ მოვიქცეოდით განსხვავებულად? ამაში შეიძლება შემდეგი სავარჯიშო დაგვეხმაროს:

 

წარმოიდგინე სიტუაცია, რომელშიც დიდია იმის ალბათობა, რომ გაბრაზდები. ეცადე განიცადო ეს ემოციები.

მოეწყვე კომფორტულად და დარწმუნდი, რომ ამ პროცესში ხელს არავინ შეგიშლის.

დაფიქრდი იმაზე თუ რა შეასუსტებს ბრაზის ინტენსივობას და ეტაპობრიად დაინახე როგორ იცვლება ის სიტუაცია, რომელსაც წარმოიდგენ. 

 

ეს შესაძლოა იყოს მომენტი, როდესაც სხვებისგან აღიარებას ელოდები, ამ დროს კი გარშემომყოფები დაგცინიან. შეგიძლია წარმოიდგინო მეგობარი, რომელიც შენ გვერდით დგას და გამხნევებს? 

წარმოიდგინე, როგორ ვითარდება სიტუაცია ინტენსიური ბრაზის გამოხატვის გარეშე. წარმოიდგინე, რომ მშვიდად ხარ, საუბრობ ცხადად და დამაჯერებლად. 

 

გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანი განიცდის სევდასა და ბრაზს. Ხშირად კი ეს უაკვშირდება მოწყვლადი ან გაბრაზებული შინაგანი ბავშვის მდგომარეობას. 

 

შინაგანი ბავშვის მდგომარეობა აქტიურდება ძალიან მცირე, ხშირად უმნიშვნელო ინციდენტისას, როდესაც სევდისა ან ბრაზის ინტენსივობა მოვლენის შეუსაბამოა და უმეტეს შემთხვევაში უფრო მწვავედაც განიცდება.

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *