პერფექციონიზმი პიროვნული თვისებაა, რომელსაც ახასიათებს უნაკლობისკენ სწრაფვა, ძალიან მაღალი მოთხოვნები საკუთარი თავისა და გარემოს მიმართ, მძაფრი რეაქცია სხვების მიერ გამოხატულ კრიტიკაზე, თუმცა მაღალი თვითკრიტიკულობა და რწმენა, რომ ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს.
ხშირად პერფექციონიზმი მოიცავს როგორც სრულყოფილებისკენ სწრაფვის, ასევე, სტრესის, ცვლილებების მიმართ წინააღმდეგობისა და დანაშაულის განცდის კომპონენტებს.
პერფექციონიზმის უკან, მაღალი სტრესის მიზეზი სხვადასხვაგვარია.
მაგალითად, ზოგიერთი ღელავს იმის შესახებ, რომ…
- ყველაფერი იდეალურად უნდა გააკეთოს, გარშემომყოფებს იმედი არ გაუცრუოს და კრიტიკა არ დაიმსახუროს;
- დაამყაროს სოციალური და ემოციური კავშირი სხვებთან, რომ არ გაირიყოს სოციუმიდან;
- რას იფიქრებენ სხვები. სწორედ ამიტომ ქამელეონივითაა და ყველა სიტუაციას ერგება, ხშირად უჭირს უარის თქმა;
ზოგიერთი კი ბრაზობს იმის გამო, რომ…
- გარშემომყოფები არ ასრულებენ ყველაფერს მათი “იდეალური სცენარის” შესაბამისად;
- ქაოტური, არაორგანიზებული და არაპროგნოზირებადია გარემო;
- ყოველთვის მისი აზრი არის სწორი და მართალი, სხვა მოსაზრება არ განიხილება;
- ვერ აკონტროლებს სიტუაციას, რომ დაიცვას გარემო მოსალოდნელი მარცხისგან.
ხშირ შემთხვევაში პერფექციონიზმს შიში და დაუცველობის განცდა იწვევს, რომელიც ადრეულ ბავშვობაში იღებს სათავეს.
კვლევები ადასტურებს, რომ პერფექციონიზმი არა თუ აუმჯობესებს ჩვენს ფუნქციონირებას, არამედ ხელს გვიშლის, რომ ვიმოქმედოთ, იწვევს პროკრასტინაციას და ხშირად უკავშირდება შფოთვას.
როგორ ვუპასუხოთ პერფექციონიზმს?
პერფექციონიზმი არ არის განაჩენი, რომლის წინაშეც უძლურნი ვართ.
განვითარების სურვილი და თვითრეალიზაციისკენ სწრაფვა ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია, რომელიც მოტივაციის შენარჩუნებასა და ჩვენი უნარების დახვეწაში გვეხმარება.
ზედმეტად კრიტიკულად ხომ არ ვუდგებით საკუთარ თავს, ხომ არ ვაფერხებთ თვითრეალიზაციის ჯანსაღ პროცესს და რა შეიძლება შევცვალოთ, რომ უფრო პროდუქტიულები გავხდეთ და თავი უკეთ ვიგრძნოთ?
რამდენიმე წუთით დავფიქრდეთ და ვკითხოთ საკუთარ თავს…
- ხშირად ვართ კრიტიკულები საკუთარი თავის ან სხვების მიმართ?
- გვიჭირს კრიტიკის მშვიდად მიღება და ზედმეტად ვბრაზობთ, როდესაც შეცდომაზე მიგვითითებენ ან რჩევას გვაძლევენ?
- ხშირად ვფიქრობთ, რომ ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში კი არაფერს აქვს აზრი?
- ბოლოს როდის შევაქეთ საკუთარი თავი?
- ხშირად გვაქვს მარცხის შიში და ზედმეტად ვაკრიტიკებთ თავს მცირე შეცდომის გამო?
- ხშირად მივმართავთ პროკრასტინაციას?
- მუდმივად გვჭირდება სხვებისგან მოსმენა, რომ ყველაფერს იდეალურად ვასრულებთ?
- ზედმეტად ვღიზიანდებით, თუ გეგმები იცვლება ან ვიღაც ისე არ იქცევა, როგორც ჩვენ გვსურს?
თუ კი ზემოთჩამოთვლილი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ე.ი. ცვლილებების დროა, რომ უფრო ეფექტურად ვუპასუხოთ პერფექციონიზმს.
მაინც რა მოვუხერხოთ პერფექციონიზმს?
გავაცნობიეროთ და მივიღოთ, რომ:
- პერფექციონიზმი ხშირად უკავშირდება პროკრასტინაციას, რაც ნაცვლად იმისა, რომ გვეხმარებოდეს, ამცირებს ჩვენს პროდუქტიულობას;
- რაღაცების გაკონტროლება შეგვიძლია, რაღაცები კი ჩვენი კონტროლის მიღმაა;
- შეიძლება მიღებული შედეგით ყოველთვის კმაყოფილი არ ვიყოთ და იმედგაცრუებაც ცხოვრების ნაწილია;
- მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საზრისის შემცველი ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის;
- თავი ავარიდოთ საკუთარი თავის სხვებთან შედარებას და დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა გავაუმჯობესეთ ან რისი გაუმჯობესება შეგვიძლია?
- მნიშვნელოვანია ზოგჯერ საკუთარ თავს რაღაცები ვაპატიოთ და შეცდომის დაშვების უფლებაც გვაქვს.
გვახსოვდეს, თვითრეალიზაციის სურვილი და სრულყოფილებისკენ სწრაფვა მანამ არის ჯანსაღი და სასარგებლო ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, სანამ ამას საკუთარი თავისადმი სიყვარულით ვაკეთებთ.