გენდერული ნიშნით ძალადობის ციფრული განზომილება

თუ გიგრძვნია, რომ ძალადობის სამიზნედ იქეცი, რადგან ქალი ხარ, ან განსაკუთრებული მონდომებით გესხმოდნენ თავს შენი გენდერული მიკუთვნებულობის გამო, გენდერული ნიშნით ძალადობის გამოცდილება გაქვს.

ეს შეიძლება გადაგხდენოდა როგორც ფიზიკურ, ისე ციფრულ სივრცეებში, ონლაინ ან ტექნოლოგიების გამოყენებით (მაგ., GPS, სათვალთვალო კამერა და სხვა.)

გენდერული ნიშნით ძალადობა ხშირად ხორციელდება ტექნოლოგიების გამოყენებით და ის ნებისმიერმა ჩვენგანმა შეიძლება გამოცადოს.

მაგალითად:

·  თუ სოციალურ ქსელებში არ იცავენ საზღვრებს შენთან საუბრისას

·  კომუნიკაციისას ღირსების შემლახავ ფორმას იყენებენ

·  გემუქრებიან პირადი ფოტოების გასაჯაროებით

·  გიგზავნიან ინტიმურ ფოტოებს ნებართვის გარეშე

·  გითვალთვალებენ სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით და სხვა…

ეს სრული ჩამონათვალი არ არის.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მათი გამოყენებით განხორციელებული ძალადობის ფორმებიც მრავალფეროვანი ხდება.

აღმოჩნდა, რომ გოგონებისა და ქალების 35%-ზე მეტს ჰქონია ასეთი გამოცდილება, ხოლო 80%-ზე მეტი ამბობს, რომ სმენია ან შესწრებია ძალადობის შემთხვევას ციფრულ სივრცეში.

ძალადობის ეს, ერთი შეხედვით, ირიბი ფორმა, ისეთივე რეალური და მტკივნეულია, როგორც ფიზიკურ სივრცეში განხორციელებული ნებისმიერი ძალადობა.

გიფიქრია, რომ ზედმეტად მძაფრად აღიქვამდი მოვლენებს, რომლებიც ციფრულ სივრცეში ხდება? 

Შეიძლება  გაგიკიცხავს კიდეც  თავი იმის გამო, რომ  იტირე ან/და გაბრაზდი, როცა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მოგაყენეს. 

Შეიძლება ისიც უთქვამთ, რომ “ზედმეტად განიცდი” , “ყველაფერს ართულებ”, შენ კი  ეჭვი შეგპარვია, რამდენად შეესაბამება შენი განცდები რეალობას. 

თუმცა ფაქტია, რომ თავდასხმა ციფრულ სივრცეში ტკივილს გვაყენებს, ღირსებას გვილახავს და გვიკარგავს უსაფრთხოების განცდას. 

გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანის პირადი საზღვრები განსხვავებულია, სირცხვილის განცდა კი, რომელიც ჩვენს განცდებს მოყვება ისევ და ისევ სოციალური წნეხისგან არის ხოლმე გამოწვეული.

Საზღვრების წაშლამ ვირტუალურ და რეალურ სივრცეებს შორის, ბევრი რამ შეცვალა. 

Მარტო არ ხარ, თუ:

  • გაგჭირვებია ჩაძინება, რადგან მომხდარზე ფიქრობდი 
  • გიფიქრია, რომ ვიღაც გითვალთვალებდა, აკონტროლებდა შენს ადგილსამყოფელს 
  • დაგმუქრებიან,  რომ შენს ფოტოებს/ვიდეოებს გაავრცელებდნენ სოციალურ ქსელში 
  • გიგრძვნია თავი დამცირებულად, რადგან ციფრულ სივრცეში თავდასხმის სამიზნედ იქეცი 
  • მოუთხოვიათ შენი პირადი ანგარიშების პაროლები ან/და სხვა პირადი ინფორმაცია
  • უცდიათ გაეკონტროლებინათ, რას და როგორ იტყოდი სოციალურ ქსელში 
  • უთხოვიათ გაგეზიარებინა ან მოგეწონებინა/დაგელაიქებინა რაიმე შენი ნების საწინააღმდეგოდ 

Როგორც ფიზიკურ, ისე ციფრულ სივრცეში განხორციელებული თავდასხმა, ჩვენს  ფსიქიკურ კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას. 

გვეუფლება ბრაზის, შიშის, უსამართლობის ან უსუსურობის მძაფრი განცდები, რომლებსაც  შესაძლოა, რეაქტიულად (იმპულსურად, დაუფიქრებლად) ვუპასუხოთ და კიდევ უფრო დავითრგუნოთ. 

გვახსოვდეს, რომ  თითოეული ჩვენგანი თავისებურად რეაგირებს სტრესულ მოვლენაზე და ასეთ დროს მხარდაჭერა გადამწყვეტია.

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *