აისი აცხადებს მიღებას სავსე ცნობიერების მედიტაციის (Mindfulness) შესავალ 6 კვირიან კურსზე.
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა, თუმცა წინაპირობა არის სურვილი, რომ მედიტაცია აქციოთ თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად – შესაბამისად, სრულად დაესწროთ ექვსივე შეხვედრას.
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 15 ადამიანი.
პრიორიტეტი მიენიჭება საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს.
მედიტაციის შესახებ
მედიტაცია ყურადღების მიზანმიმართული წვრთნაა, რომელიც გვეხმარება წინასწარ ჩამოყალიბებული სქემების მიღმა დავინახოთ რეალობის ჭეშმარიტი ბუნება.
მედიტაციის მრავალი ფორმა არსებობს – გონების დამშვიდებისა და გულის გახსნის არაერთი ოსტატური გზა.
სავსე ცნობიერების პრაქტიკა მედიტაციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც სათავეს ბუდიზმიდან იღებს.
ეს ცნობიერებაა, რომელსაც ვასაზრდოებთ და ვაფართოებთ ყურადღების ფოკუსირების კონკრეტული გზით: მიზანმიმართულად, აწმყო მომენტში, ყოველგვარი განსჯის გარეშე ყოფნით.
ეს არის გონების სიფხიზლის, სიცხადის და გაუფანტავი ყურადღების პრაქტიკა.
რაში დაგვეხმარება
მედიტაციის დანერგვა ყოველდღიურ ცხოვრებაში გვეხმარება ემოციურ რეგულაციაში, ყურადღების კონცენტრაციაში, სიმშვიდის შენარჩუნებაში, საზრისის შემცველი ურთიერთობების შენებასა და შენარჩუნებაში, თანაგრძნობის, სიყვარულის, საკუთარ თავზე და სხვაზე ზრუნვის უნარის გაღვივებაში.
დაგეგმილი შეხვედრები დაგეხმარებათ დამოუკიდებელი მედიტაციის პრაქტიკის დანერგვასა და განვითარებაში.
შეხვედრების შესახებ
შესავალი კურსი შედგება 6 შეხვედრისგან, რომელიც კვირაში ერთხელ გაიმართება და გაგრძელდება საათნახევარს.
შეხვედრების დროს დავფარავთ შემდეგ თემებს:
- ცნობიერების სისავსის მედიტაციის პრაქტიკის შესავალი;
- სხეულის ცნობიერება;
- ადამიანად ყოფნის სისრულე – ემოციების ცნობიერება;
- აზრებთან და რწმენებთან მუშაობა;
- ბრძენი გული – სიყვარულის და თანაგრძნობის პრაქტიკები;
- მედიტაციის პრაქტიკის შენარჩუნება – როგორ ვიცხოვროთ სავსე ცნობიერებით.