კვლევების თანახმად, სიმწვანეში ყოფნა გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ კეთილდღეობაზე, მწვავე სტრესული მოვლენების შემდეგ გვეხმარება დამშვიდებაში, მოდუნებასა და სოციალური ჩართულობის სისტემის გააქტიურებაში.
წყალთან სიახლოვე კი ამცირებს სტრესის დონეს ჩვენს ორგანიზმში და ხელს უწყობს ემოციურ რეგულაციას.
ხშირად ქალაქიდან გასვლა, ჩვეული რუტინისგან დისტანცირება და დროის სიმწვანეში გატარება გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, ამ დროს კი შეგვიძლია ბუნება შინ მოვიპატიჟოთ.
Მცენარეებზე ზრუნვა ხელს უწყობს ჩვენს ნერვულ სისტემას დამშვიდებასა და მოდუნებაში, სიამოვნების მიღებაში, საკუთარ ემოციებთან ყოფნაში, ასევე, ამცირებს სიმარტოვის განცდას.
როგორ მოვიპატიჟოთ ბუნება შინ?
ვიზრუნოთ მცენარეებზე ჩვენს საცხოვრებელ ან სამუშაო სივრცეში.
მასზე ზრუნვას სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ემოციურ რეგულაციაზე.
დავაკვირდეთ ჩვენს სხეულებრივ შეგრძნებებს, რომლებსაც ჩვენ ირგვლივ არსებული ყვავილების სურნელი იწვევს.
აღმოვაჩინოთ ახალი სურნელები, რომლებიც დაგვეხმარება სიამოვნების მიღებასა და სოციალური ჩართულობის სისტემის გააქტიურებაში.
კვლევები მოწმობს, რომ ბუნებაში არსებული სურნელები განსხვავებულ გავლენას ახდენს ჩვენს მდგომარეობაზე, ზოგი გვეხმარება დამშვიდებასა და მოდუნებაში, ზოგი კი ზრდის ჩვენს სიფხიზლეს.
შევეცადოთ გავისეირნოთ ჩვენს სახლთან ახლოს მდებარე პარკში და მცირე დრო მაინც დავუთმოთ ბუნებაში ყოფნას.
კვლევების თანახმად, სტრესული სიტუაციის შემდეგ 5 წუთის განმავლობაში ბუნების პეიზაჟების ყურებაც კი გვაბრუნებს სიმშვიდის მდგომარეობაში.