ურთიერთობები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ის იშვიათად არის ისეთი სრულყოფილი, როგორც ჩვენ გვსურს.
დაფიქრებულხართ, რატომ აწყდებიან ადამიანები ერთსა და იმავე სირთულეს სხვადასხვა ურთიერთობისას?
შეგიმჩნევიათ, რომ ხანდახან ურთიერთობაში ერთი მხარე უფრო მეტად არის ემოციურად ჩართული ვიდრე მეორე?
იცნობთ ადამიანს, რომელიც მუდმივად ეჭვიანობს თავის მეწყვილეზე, მიუხედავად იმისა აქვს ამის მიზეზი თუ არა?
დავფიქრდეთ და გავიხსენოთ ის ურთიერთობები, რომლებიც სხვა ადამიანებთან გვაკავშირებს – როგორია?
მიჯაჭვულობის თეორიის ცოდნა დაგვეხმარება განვიხილოთ თუ როგორ მყარდება ახლო ურთიერთობები ზრდასრულ ასაკში, რადგან ამის საფუძველი სწორედ ჩვენი ადრეული კავშირია მზრუნველ პირებთან.
ახალშობილი სრულად დამოკიდებულია უფროს ადამიანებზე – ეძებს კომფორტს, უსაფრთხოებას, სიმშვიდესა და მხარდაჭერას.
როდესაც ემოციური და ფიზიკური საჭიროებები კმაყოფილდება, ხელმისაწვდომია მზრუნველი გარემო, ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, იცის, რომ უყვართ და ზრუნავენ მასზე – ამ დროს ვითარდება უსაფრთხო მიჯაჭვულობა.
როდესაც უფროსი ადამიანის მხრიდან ბავშვის საჭიროებები არ კმაყოფილდება და გარემოც არ არის მზრუნველი – ხშირად იწვევს დაუცველობას, შიშსა და შფოთვას, რომ ის არ არის სიყვარულის ობიექტი, გარემო კი შიშის მომგვრელია, სადაც თავს არ გრძნობს დაცულად. ეს კი ავითარებს დაუცველ მიჯაჭვულობას მზრუნველ პირებთან.