Როგორ დავგეგმოთ პროდუქტიული სამუშაო დღე?

დღეები, რომლის ბოლოს კმაყოფილებასა და სიმშვიდეს ვგრძნობთ, ალბათ, ყველას განსაკუთრებულად გვიყვარს. თუმცა ზოგჯერ მცირე დავალებების შესრულებაც კი სტრესისა და დაძაბულობის წყარო ხდება. 

სამუშაო დღის სწორად დაგეგმვა მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნებისა და პროდუქტიულობისთვის. 

გიზიარებთ რამდენიმე გზას პროდუქტიული დღის დაგეგმვისთვის:

 

15 წუთით ადრე გაღვიძება, ვიდრე ჩვეულებრივ გვჭირდება მოსამზადებლად, დაგვეხმარება დღე ცნობიერად და აუღელვებლად დავიწყოთ. 

გაღვიძებისას რამდენიმე წუთი გამოვყოთ უბრალოდ დაკვირვებისთვის – როგორ ვგრძნობთ თავს? Როგორ გვინდა ამ დღის გატარება?

უმჯობესია, თუ გაღვიძებისთანავე თავს ავარიდებთ:

  • ტელეფონის გამოყენებას;

  • ელ-ფოსტისა და სოციალური მედიის შემოწმებას. 

Ნაცვლად ამისა კი დავკავდებით აქტივობებით, რომლებიც ჩვენი გონებისა და სხეულის გამოღვიძებაში დაგვეხმარება. 

დავაკვირდეთ, როგორი ტემპერატურაა ოთახში, როგორი ამინდია გარეთ?

Როგორ განწყობაზე გაგვეღვიძა?

Მოვახერხეთ კარგად გამოძინება?

Როგორ შეგვიძლია ისე დავგეგმოთ დღე, რომ დავიცვათ ბალანსი ვალდებულებებსა და სასიამოვნო საქმიანობას შორის?

თვითრეფლექსია და დრო ფიქრისთვის გვეხმარება კონტროლის განცდის მოპოვებასა და დღის პროდუქტიულად, ამავდროულად სასიამოვნოდ დაგეგმვაში. 

სამუშაოს შესრულებისას ვფოკუსირდეთ მხოლოდ ერთ საქმეზე და თავი ავარიდოთ რამდენიმე ამოცანის ერთდროულად კეთებას

რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება აფერხებს შემოქმედებითობას, იწვევს დაღლილობას, იმედგაცრუებასა და ზრდის შეცდომის დაშვების ალბათობასაც. 

ერთ ამოცანაზე კონცენტრირება კი ზრდის ჩვენს პროდუქტიულობას.

ამისთვის აჯობებს, თუ:

  • სამუშაოს შესრულებისას ნაკლებად შევამოწმებთ სოციალურ ქსელს;

  • გადავდებთ მობილურს და ვიმუშავებთ მხოლოდ ერთ ეკრანთან;

  • გამოვიყენებთ მცირე შესვენებებს მუშაობის პროცესში. მაგალითად, თუკი ვატყობთ, რომ კონცენტრაცია გვიჭირს, გავისეირნებთ, რაც დაგვეხმარება ხელახლა უფრო მეტი ენერგიით დავუბრუნდეთ საქმიანობას. 

შევქმნათ შესასრულებელი დავალებების სია, რომელსაც დავალაგებთ პრიორიტეტების მიხედვით. 

მნიშვნელოვანია, რომ შესასრულებელი დავალებები იყოს კონკრეტული, მარტივი და რეალისტური.

ერთ დავალებაში არ უნდა ვიგულისხმოთ ათი ამოცანა, მაგალითად, “დაასრულე პროექტი”.

ამის ნაცვლად ჩვენი საქმიანობა  დავყოთ  მცირე შესასრულებელ მიზნებად.

ის ფაქტი, რომ კარგად ვართმევთ თავს თითოეულ მათგანს, მოტივაციის შენარჩუნებაშიც დაგვეხმარება. 

მოვაწესრიგოთ ჩვენი სამუშაო მაგიდა

ჩვენი ფიზიკური გარემო გავლენას ახდენს ჩვენს პროდუქტიულობაზე. მას შეუძლია ენერგიით აგვავსოს, ან პირიქით, გამოგვფიტოს. სამუშაოს დასრულებისას, დავუთმოთ 10 წუთი სამუშაო მაგიდის მოწესრიგებას, რომ მომდევნო დღეს მოწესრიგებულ გარემოში დავიწყოთ მუშაობა. 

შევისვენოთ!

უწყვეტი და ხანგრძლივი პერიოდით მუშაობა არ ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტ საქმეს ვაკეთებთ.

ხანდახან მიზნის მისაღწევად საუკეთესო გზა მასზე ცოტა ხნით არ მუშაობაა.

დიდი ხნის განმავლობაში ერთ ადგილას ჯდომა ამცირებს ჩვენს პროდუქტიულობას.

მოძრაობა, ვარჯიში და სეირნობა კი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, რაც ზრდის ჩვენს შემოქმედებითობასა და მოტივაციას. 

თუ ერთსა და იმავე წინადადებას უკვე მეათეჯერ ვკითხულობთ ისე, რომ ვერ ვიგებთ შინაარსს, აჯობებს თუ ცოტა ხნით შევისვენებთ.

ამის გამო კი ნუ განვსჯით საკუთარ თავს, რადგან ტვინს სჭირდება დრო განტვირთვისთვის. 

 

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *