მოწყვლადი შინაგანი ბავშვის მახასიათებლებია:
მიტოვებულობა, არასტაბილურობა და სოციალური იზოლაცია – უკავშირდება ბავშვობასა და მოზარდობაში მიტოვების გამოცდილებას, მაგალითად:
- მშობლებთან ადრეულ განშორება;
- მიჯაჭვულობის ობიექტის გარდაცვალებას;
- ნაკლებ ემოციურ კავშირს ბავშვსა და მზრუნველ პირს შორის.
ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ადამიანს აქვს მოლოდინი, რომ მიატოვებენ, მიაყენებენ ტკივილს; ის ნაკლებად ენდობა სხვებს, თავს გრძნობს დაუცველად და დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულად.
უნდობლობა – საფრთხის მუდმივ განცდასთან ერთად მწიფდება. ამ დროს ადამიანი ფხიზლად არის საფრთხის მოლოდინში და ეჭვის თვალით უყურებს ირგვლივ მყოფ ადამიანებს.
სირცხვილი – უკავშირდება ბავშვობასა და მოზარდობაში მიღებულ დამამცირებელ კომენტარებს, ხშირ კრიტიკას, აბუჩად აგდებას, ღირსების შელახვას, მზრუნველი პირისგან ვერბალურ ან არავერბალურ მინიშნებას, რომ არ არის საკმარისად კარგი.
ემოციური შიმშილი – ზრუნვისა და სიყვარულის ნაკლებობა ბავშვობასა და მოზარდობაში უკავშირდება უსაფრთხოების განცდასთან დაკავშირებულ სირთულეებს ზრდასრულ ასაკში. ამ დროს ადამიანი სიყვარულისა და აღიარების მუდმივ შიმშილს განიცდის.
დამოკიდებულება და არაკომპეტენტურობა – ბავშვობაში მზრუნველი პირისგან მუდმივი მინიშნება, რომ არაფერი შეგიძლია, არ ხარ კომპეტენტური, ავტონომიური და დამოუკიდებლად ნაბიჯს ვერ გადადგამ. ამ გამოცდილების მქონე ადამიანები ბავშვობაში შეიძლება იყვნენ მშობლებს ჩაბღაუჭებულები, ზრდასრულ ასაკში კი პარტნიორებს.
როგორ ვიზრუნოთ ჩვენს მოწყვლად შინაგან ბავშვზე?
მოთმინებით მოვუსმინოთ ჩვენს შინაგან მდგომარეობას და დავუსვათ შემდეგი კითხვები საკუთარ თავს:
- რატომ ვგრძნობ თავს ახლა სევდიანად/მოწყენილად/მარტოდ/დაუცველად?
- რა მჭირდება და რისი გაკეთება შემიძლია, რომ თავი უკეთ ვიგრძნო?
- ბავშვობის რომელ მოგონებას მახსენებს ეს მდგომარეობა?
- რა დამამშვიდებდა და რა დამეხმარებოდა საკუთარი ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილებაში?
დავუკავშირდეთ ჩვენს შინაგან ბავშვს – წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი “ზრდასრული” ჩვენი “ბავშვის” პირისპირ დგას, ესაუბრება და ზრუნავს მასზე.