მედეგობა, საკუთარ თავზე ზრუნვა და ურთიერთმხარდაჭერა
თანამედროვე სტრესულ და აჩქარებულ სამყაროში, ადამიანებს ცოტა დრო გვრჩება საკუთარი თავისთვის. დროის ძირითად ნაწილს მუშაობაში, მომავლის დაგეგმვაში, წარსულზე ფიქრში, საკუთარ წარმოსახვაში ან პარალელურ, ვირტუალურ რეალობაში ვატარებთ. ხშირად ვიკარგებით საკუთარ აზრებში, აკვიატებებში და ვიღებთ მათ, როგორც ჭეშმარიტ, ობიექტურ რეალობას.
უფლებადაცვით სფეროში მუშაობა კი, უამრავ დამატებით სტრესორთანაა დაკავშირებული. რთულია ადამიანების სხვადასხვა ჯგუფის უფლებებისთვის ბრძოლა, რასაც თან ახლავს თავდასხმებისა თუ დევნის ობიექტად ყოფნა, ამას ემატება არასაკმარისი ადამიანური თუ ფინანსური რესურსი, პრობლემების გადაჭრის გზების მოსაძიებლად პოლიტიკური ნების არარსებობა.
განსაკუთრებულ სირთულეს ქმნის ქვეყანაში არსებული უთანასწორობა, სიღარიბე, სამართლიანობის მწვავე დეფიციტი, რაც გავლენას ახდენს უფლებადამცველების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებზე და ა.შ.
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, უფლებადაცვით სფეროში მომუშავე ადამიანების 19%-ს აღენიშნება პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა, 16%-ს დეპრესია და 17%-ს შფოთვითი აშლილობა.
აისის მიერ შემოთავაზებული ონლაინ კურსის მიზანია, ხელი შევუწყოთ უფლებადაცვით სფეროში ჩართულ ადამიანებს საკუთარი ფსიქიკური თუ ემოციური მდგომარეობების გაცნობიერებაში, მათ მართვაში, მედეგობის გაღვივებაში, მადლიერების განცდისა და საზრისის შემცველი ურთიერთობების შენებაში.
მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა, საკუთარი თავის და სხვის მიმართ თანაგანცდის უნარის განვითარება, საგრძნობლად ზრდის ცხოვრების ხარისხსს, ამცირებს სტრესს, რაც საკუთარ თავში „შემობიჯების“, ფოკუსის შიგნით გადატანის შესაძლებლობაა.
შემოთავაზებული ონლაინ კურსის განმავლობაში, თქვენ ნელ-ნელა შეისწავლით და დაეუფლებით:
- სხეულისა და სუნთქვის ცნობიერების ბაზისურ ელემენტებს;
- ემოციების ამოცნობასა და მართვას;
- სააზროვნო პროცესების დინამიკას;
- აზროვნების შეცდომების იდენტიფიცირებას;
- აკვიატებული ნეგატიური აზრების მართვას;
- სტრესის წყაროების იდენტიფიცირებასა და მასთან გამკლავების სხვადასხვა ტექნიკას.
ონლაინ კურსის მართვას, მასზე დახარჯულ დროს თავად განსაზღვრავთ, თუმცა რეკომენდებულია ის 6 კვირის განმავლობაში დავფაროთ (კვირაში 2 გაკვეთილი).
კურსის სტრუქტურა შემდეგნაირია:
- ვიდეო ლექციები;
- ტექსტური მასალები;
- წერილობითი საშინაო დავალებები;
- დღიური მედიტაციები.
კვირაში ერთხელ მოეწყობა დახურული შეხვედრები ონლაინ-პლატფორმის გამოყენებით.
დაცულ და უსაფრთხო სივრცეში კურსის ავტორები გასცემენ პასუხებს თქვენს შეკითხვებს, შეძლებთ გააზიაროთ ის გამოწვევები თუ აღმოჩენები რაც მეცადინეობების დროს წარმოიშვა, მოისმინოთ სხვა ადამიანების მოსაზრებები და პერსპექტივები.
ამ შეხვედრების მიზანია ერთმანეთზე ზრუნვის, თანაგრძნობის უსაფრთხო სივრცის შექმნა.
აფრიკული ანდაზის მიხედვით – თუ გინდა სწრაფად იმოძრაო, იარე მარტო, თუ გინდა შორს წახვიდე, იარე სხვებთან ერთად.
ჩვენი „მოგზაურობა“ ამ კურსის ფარგლებში პაუზის აღების მცდელობაა. ეს იქნება საზრისით, სიჩუმით, საკუთარ თავზე დაკვირვებით, ერთიანობით სავსე პაუზა.
საკუთარ თავზე ზრუნვა შეგვიძლია დღესვე დავიწყოთ!
კურსი იქმნება აისის მიერ პროექტის „უსაფრთხო სივრცეები ადამიანის უფლებადამცველებისთვის: მედეგობის გაღვივება და ურთიერთდახმარება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GCRT HRH-თბილისთან თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.