სტატია მომზადდა ციფრული ფსიქოსაგანმანათლებლო სივრცე აისის მიერ. ის არ წარმოადგენს ოფიციალურად გავრცელებულ პროტოკოლს და აქვს ზოგადი რეკომენდაციების სახე.
სტატიის მომზადებაში ჩვენი გუნდის წევრებმა გაითვალისწინეს სტიქიის ზონაში მყოფი ჟურნალისტების, მოხალისე კოორდინატორებისა და მაშველების, ასევე ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტის რეკომენდაციები.
* ამ ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინება კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეფექტურად თვითორგანიზდეთ და გამოცდილ მაშველებსაც დაეხმაროთ. ინფორმაცია განახლდება საჭიროებების მიხედვით.
თუ მოხალისედ აპირებ წასვლას სტიქიისა და მაღალი რისკის ზონაში, გახსოვდეს, რომ შენი უსაფრთხოება და მზაობა მნიშვნელოვანია – მხოლოდ ასე შეძლებ, ეფექტურად შეასრულო მოხალისეობრივი საქმიანობა.
ადგილზე შესაძლოა არაერთი გამოწვევისა და სირთულის გადალახვა მოგიწიოს, შეესწრო სხვების მტკივნეულ გამოცდილებებს. ამისთვის ბოლომდე მზადყოფანში ვერასდროს იქნები, თუმცა ეცადე განსაზღვრო შენი ფსიქიკური რესურსები მოცემულ მომენტში. მოუსმინე საკუთარ სხეულს და დააკვირდი რას გკარნახობს ის – ნუ აიღებ საკუთარ თავზე იმაზე მეტ ტვირთს ვიდრე შეგიძლია.
1. სტიქიის ზონაში წასვლამდე, მნიშვნელოვანია იცოდეთ
სტიქიის ზონაში შენი სატრანსპორტო საშუალების გამართულობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შენ.
როგორც საკუთარი რესურსები აწონ-დაწონე, ასევე უნდა დარწმუნდე შენი ავტომობილის შესაძლებლობებშიც!
- უნდა გყავდეს მაღალი გამავლობის მანქანა, თუმცა ერთი მანქანით წასვლა ნიშნავს 0 მანქანით წასვლას! აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ წახვიდეთ ორნი, რათა გზაში ერთმანეთი დააზღვიოთ, ამისათვის კი ორივე მანქანას უნდა ჰქონდეს როგორც ბუქსირი, ისე საბუქსირე. თან უნდა წაიღოთ საბუქსირე თოკებიც.
- წაიყოლეთ მანქანისთვის დამატებითი ჯაჭვები, ზამთრის საბურავები, ანტიფრიზები.
- აუცილებლად გაატარეთ ტექნიკური დათვალიერება ორივე მანქანას და გაერკვიეთ მის შესაძლებლობებსა და სისუსტეებში!
- ორიდან ერთი მძღოლი მაინც უმჯობესია წახვიდეთ საკუთარი და არა ნათხოვარი/ნაქირავები მანქანით.
- მართალია მანქანით ხართ, მაგრამ ადგილზე ფეხით გადაადგილებისთვის უნდა გეცვათ კომფორტული სამთო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, (უმჯობესია “სათხილამურო” ტანსაცმელი).
- მხოლოდ მანქანის ტექნიკურად გამართვის შემდეგ დატვირთეთ ის წასაღები პროდუქტებისა და აღჭურვილობების მარაგით.
*მოყინულ გზებზე მაღალია მანქანის საჭის დაუმორჩილებლობის რისკი. ეცადეთ მაგისტრალსა და გზებზე ფრთხილად და ნელა გადაადგილდეთ. გაითვალისწინეთ, რომ უკვე ადგილზე მყოფთათვის, მანქანის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით დიდთოვლიან საფარზე გადაადგილება არაეფექტურია. მაგრამ წაიყოლეთ ჯაჭვები ადგილობრივებისთვის, რომლებსაც ის გზებზე გადაადგილებისთვის სჭირდებათ.
2. მთავარი საჭიროებები სტიქიის ზონაში
მთავარი საჭიროებები მაღალი რისკის ადგილებში, საკვების გარდა, არის:
-მედიკამენტები
(განსაკუთრებით წნევის მარეგულირებლები, ტკივილგამაყუჩებლები, დიაბეტის, ალერგიის მედიკამენტები, გაციების ჩაი და სიცხის დამწევები);-მობილურების გარე აკუმულატორები (ე.წ. power bank);
-გენერატორი;
-გენერატორის საწვავი;
-გაზის ბალონები;
-ფიზიკური დახმარება სახურავების გადათოვლაში (თუ შეძლებთ, გაიყოლეთ ნიჩბები და ფანრები).*გაითვალისწინეთ, რომ სახლის სახურავის გადმოთოვლა საკმაოდ სფეციფიური საქმეა და გამოცდილებას მოითხოვს, სასურველია დაზღვევის თოკის გამოყენება. სასურველია თუ იქონიებთ თერმულ ხელთათმანებს, რათა სიცივეში ხელები არ დაიზიანოთ. იქონიეთ მაღალი კონცენტრაციის დამატენიანებელი ხელის კრემი.
თუ გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ უფრო ძვირადღირებული სათხილამურო აღჭურვილობა ცხელ წერტილში მყოფი მაშველებისთვის, გთავაზობთ მის მოკლე სიას და დასახელებებს:
– ე.წ. სნოუშუ (snowshoes) (სპეციალური ფეხსაცმელი თოვლში სასიარულოდ);
– გამაშები (snow gaiters);
– სალაშქრო ჯოხები (სათხილამურო ჯოხებიც შეიძლება გამოგადგეთ);
– მზისგან დამცავი სათვალე;
-მზისგან დამცავი საშუალებები მაშველებისთვის (ამან შეიძლება ისინი სახის დამწვრობისგან დაიცვას).
*შეიძლება გასვლამდე წასაღებად ყველაფრის დიდი რაოდენობით მობილიზება ვერ შეძლოთ, მაგრამ ეცადეთ მაქსიმალურად დატვირთული დაიძრათ, ამისთვის კი დაიხმარეთ ახლობლები და ნაცნობები.
3. ადგილზე ჩასვლამდე კოორდინირება წინასწარ დაგეგმეთ
მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ ორგანიზებულად გასვლა შეგიძლიათ, უნდა გაითვალისწინოთ:
- რეგიონებში ამჟამად ფუნქციონირებს ორი შტაბი: სამთავრობო საკოორდინაციო შტაბი და თვითორგანიზებულ მოხალისეთა საკოორდნაციო შტაბი, რომლებიც კავშირზე არიან კრიზისული დახმარების ფონდთან. მოიძიეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია და დაუკავშირდით, რათა ადგილზე ჩასულებმა შეძლოთ შეუერთდეთ ორგანიზებულ მოხალისეთა ჯგუფს.
(საკონტაქტო ინფორმაცია სამთავრობო შტაბის შესახებ მერიების და საკრებულოების სოციალურ ქსელებზე შეგიძლიათ მოიპოვოთ, ხოლო თვითორგანიზებული მოხალისეების შტაბთან დასაკავშირებლად გადადით ვებგვერდზე: moxalise.ge
ვებგვერდზე მარტივად იპოვით ლურჯ ღილაკს – დახმარების შეთავაზება
თვითორგანიზებული მოხალისეების შტაბის კოორდინაციისთვის არსებობს საჯარო Facebook ჯგუფი მოხალისეები გურიისთვის და Telegram არხი.
- მიაწოდეთ შტაბს მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია თქვენ შესახებ: ვინ ხართ, რა რესურსებით მიდიხართ. ეცადეთ დაარწმუნოთ შტაბის წევრები, რომ ინსტრუქციები გაითვალისწინეთ და ამის საფუძველზე მიდიხართ ადგილზე. გაუგზავნეთ თქვენი მანქანების ფოტოები, უთხარით რომ იყავით ტექდათვალიერებაზე.
*ამ რეკომენდაციების გათვალისწინება დაგეხმარებათ, უკვე ადგილზე ჩასულები შტაბის წარმომადგენლებს მარტივად დაუკავშირდეთ და მათთან ერთად დაგეგმოთ გადაადგილების ტრაექტორია. მათ ყველაზე კარგად იციან გზები და გზებზე არსებული გამოწვევები. გაითვალისწინეთ, რომ მუდმივად შეამოწმოთ ამინდის მოსალოდნელი პროგნოზი, რათა შეაფასოთ მოსალოდნელი რისკები.
ნუ დაამყარებთ იმედებს ამინდის მკვეთრ გაუმჯობესებაზე. თოვლის დნობის პროცესი დაძრავს მეწყრულ პროცესებს, რაც არსებულ სიტუაციას მხოლოდ დაამძიმებს. თუ არ გაქვთ შესაბამისი მომზადება, გაიაზრეთ გაზრდილი რისკები და მიანდეთ საქმე პროფესიონალ მაშველებს.
ასეთ დროს, დარჩით ბარში და დაეხმარეთ ადგილობრივებს სახურავების გადმოთოვლაში, სანამ თოვლის საფარი დადნობასთან ერთად დამძიმდება და მეტ საფრთხეს შექმნის. ამისთვის შეგახსენებთ, გჭირდებათ შესაბამისი გამოცდილება და დაზღვევის თოკების გამოყენება.
4. გაითვალისწინეთ ფინანსების მობილიზებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები
მანქანების დასატვირთად ფინანსების მოძიება და ორგანიზებულობა დაგჭირდებათ. თუ მსხვილი სპონსორი არ გყავთ, შეგიძლიათ საჯაროდ დადოთ პოსტი და ითხოვოთ დახმარება თანხის მობილიზებისთვის.
- თუ არ გსურთ, რომ იყოთ იდენტიფიცირებადი პირი, დაუკავშირდით კრიზისული დახმარების ფონდს ფინანსური მხარდაჭერისთვის.
- თუ საჯაროდ დადებთ პოსტს სოციალურ ქსელში, მნიშვნელოვანია რომ იყოთ მარტივად იდენტიფიცირებადი (სახელი, გვარი, ფოტო, საჯარო აქტივობა). გაითვალისწინეთ თქვენს ხილვადობასთან დაკავშირებული სარგებელი და რისკებიც.
ორივე შემთხვევაში, ფინანსები აუცილებლად უნდა მოხმარდეს მხოლოდ სტიქიის ზონაში არსებულ საჭიროებებს, რომელიც სრულიად გამჭვირვალე იქნება.
იმ ხარჯებს, რაზეც თქვენი შეგროვებული თანხა აღარ გეყოფათ და მოგიწევთ ხარჯი საკუთარი ჯიბიდან გაიღოთ, კრიზისული დახმარების ფონდი აგინაზღაურებთ მას შემდეგ, რაც ხარჯების ამსახველ ჩეკებს გაუგზავნით.
5. როგორ უნდა მოახდინო კოორდინირება სტიქიის ზონაში ჩასვლის შემდეგ
- როცა ადგილზე ჩახვალთ, ამის შესახებ შტაბს აცნობეთ.
- ადამიანები დახმარებას საჯაროდ სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით ითხოვენ, ამიტომ ინფორმაცია ქაოსურად ვრცელდება. ბევრ მოხალისემდე ერთი და იგივე შეტყობინება ერთდროულად ან პირიქით, დიდი ხნის დაგვიანების შემდეგ აღწევს.
ამიტომ თუ წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციაზე გასვლას გადაწყვეტ, რამდენადაც შეძლებ გადაამოწმე ამ მისამართზე ვინმე უკვე ხომ არ იყო ან რამდენიმე ჯგუფი ხომ არ მიდიხართ ერთიდაიგივე ადამიანის/ოჯახის დასახმარებლად. - ლოკაციაზე გასვლის წინ თვალი შეავლეთ რუკას და წარმოდგენა შეიქმენით წინასწარ მოძრაობის არეალზე.
- როცა წინასწარ განსაზღვრულ მისამართზე მიდიხართ,არ წაიღოთ მხოლოდ ის პროდუქტები რომლის საჭიროებაზეც ინფორმაცია მიიღეთ.
მანქანებში თან იქონიეთ პროდუქტების რეზერვი სხვა ოჯახებისთვისაც. - როცა წინასწარ განსაზღვრულ მისამართზე მიხვალთ და ადამიანს/ოჯახს დახმარებას აღმოუჩენთ, დაუკავშირდით შტაბს და განახლებული ინფორმაცია მიაწოდეთ.
- მოუფრთხილდით მოხალისეობრივად შეგროვებულ ძვირფას რესურსს და დაზოგეთ ის.
დეფიციტური პროდუქტები დიდი რაოდენობით არ გასცეთ ადამიანებზე, რომლებსაც ეს არ სჭირდებათ.
მაგალითად, ბარში, სადაც ელექტრო ენერგიის პრობლემა ნაკლებად დგას, ნუ გასცემთ მობილურის დასატენ საშუალებებს, (power bank), გენერატორებს.
ცხელ წერტილებში კი ერთ პირზე არ რამდენიმე ასეთი ნივთი, მაგალითად 5 მობილურის დამტენის საშუალება.დეფიციტური მედიკამენტები კი არ გადასცეთ ადამიანებს, რომლებსაც მყისიური საჭიროება ამ წამლის მიღების არ აქვთ. მაგალითად, გაციებისა და სიცხის დამწევი მედიკამენტები არ სჭირდება მათ, ვისაც არ ჰყავს ოჯახში გაციებისა და სიცხის სიმპტომით ადამიანი. - გაიცანით ადამიანები, რომლებსაც დახმარებას აღმოუჩენთ, დაუტოვეთ თქვენი და კრიზისული საკოორდინაციო შტაბების ცხელი ხაზის ნომერები,
რათა კრიზისულ სიტუაციებში თქვენთან კონტაქტზე გამოსვლა გამარტივებულად ისევ შეძლონ.
თუ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ფიქრობ, რომ მზად ხარ მოხალისეობისთვის, ესე იგი გაქვს მთავარი – გამბედაობა და თვითორგანიზების უნარი! მადლობა სიმამაცისთვის!
ძალა ერთობაშია!
* იხილე ჩვენი სტატია მსგავს თემაზე: ფსიქოსაგანმანათლებლო მასალები კატასტროფით დაზარალებულთათვის